ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში იბარებენ. მას შემდეგ, რაც კაია კალასი საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, ოპოზიცია მის გადადგომას მოითხოვს. მიზეზი უკრაინის მხარდაჭერით გამორჩეული კალასის მეუღლის საეჭვო ბიზნეს აქტივობებია. პრემიერ-მინისტრის ქმარი იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომელიც, სანქციების მიუხედავად, რუსეთში მუშაობას აგრძელებს. Reuters-ის ცნობით, სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics რუსეთთან თანამშრომლობს, ხოლო კალასის მეუღლე აღნიშნულ კომპანიას ფინანსურ დახმარებას უწევდა.
კითხვებზე საპასუხოდ საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე ესტონეთის პრემიერმა უარი განაცხადა. კაია კალასმა მედიას უთხრა, რომ რუსეთში მეუღლის ბიზნესსაქმიანობის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეიტყო. კომპანია Stark Logistics კი, რუსეთში საქმიანობას სექტემბერში დაასრულებს.
ესტონეთის პრემიერის განცხადების შემდეგ განმარტებები გააკეთა ბრალდების მთავარმა ადრესატმაც. არვო ჰალიკმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს წერილობით მიმართა და იმ რეპუტაციულ ზიანზეც ისაუბრა, რაც კაია კალასს მიადგა. ჰალიკის განმარტებით, ის მზად არის Stark Logistics-ის 25% წილი გაყიდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის მომსახურებით ესტონეთის პრემიერის მეუღლის კომპანიამ მილიონ-ნახევარი ევრო გამოიმუშავა. ამ სკანდალის მიუხედავად კაია კალასი პორტალ "დელფისთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ გადადგომაზე ფიქრის მიზეზებს ვერ ხედავს.