ზაპოროჟიეს ფრონტი ახლა ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზონაა, სადაც სტრატეგიული ტერიტორიების დასაკავებლად ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. უახლოესი ამოცანა ტოკმაკის მიმართულებით წინსვლაა, რაც ანალიტიკოსების აზრით, მომავალი ოპერაციებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობებს შექმნის. გასული დღეების განმავლობაში, აქ, უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების პირველი თავდაცვითი ხაზი რობოტინო-ვერბოვეს მხარეს 6-8 კილომეტრით გაარღვიეს. შედეგად, დაიკავეს ტერიტორია, სადაც რუსული არტილერია იყო განლაგებული.
უკრაინელების კონტრშეტევას მოწინააღმდეგის დანაკარგებთან ერთად თან ახლავს ე.წ. ტყვეთა ფონდის შევსებაც. ყოველდღიურად ათეულობით რუსი ჯარისკაცი ნებდება და იარაღს ყრის.
ზაპოროჟიეს გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს სხვა მიმართულებებზეც, მათ შორის ბახმუტის მხარეს. გენერალური შტაბი დღესაც ავრცელებს განახლებულ მონაცემებს მტრის დანაკარგების შესახებ.
ხმელეთზე თავდაცვის რეჟიმში გადასული საოკუპაციო ძალა უპირატესობის გამოყენებას კვლავ ჰაერში ცდილობს. არ წყდება სარაკეტო იერიშები. კიევის ოლქში, ბოლო მონაცემები, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 4 კალიბრის ტიპის რაკეტა ჩამოაგდო.
ცის დაცვა ახლა ომში მყოფი ქვეყნის მთავარი ამოცანაა. ვიდრე პარტნიორების მიერ მიწოდებული F-16-ები საქმეში ჩაერთვებიან, პილოტების მომზადების პროცესი მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ სწავლებას გუშინ ტრაგიკული შემთხვევა და მსხვერპლი მოყვა, რასაც უკრაინის პრეზიდენტიც გამოეხმაურა.
F-16-ების გამოჩენამდე უკრაინის თავდაცვა არსებული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენებას ცდილობს. აქ საგულისხმოა ე.წ. "კამიკაძე დრონებიც". ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათი მეშვეობით იერიშები განხორციელდა ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკში, სადაც რუსების სამხედრო ტექნიკის ბაზა დაბომბეს. ასევე, კამიკაძე დრონებით შეუტიეს რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ კურსკში მდებარე სამხედრო აეროდრომს, სადაც მინიმუმ 5 ავიაგამანადგურებელი იყო ბაზირებული. ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, 16-დან 13-მა დრონმა მიზანს მიაღწია. ჩამოგდებული დრონების აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსების ფასადების კადრები დილიდან რუსულმა მედიამ გაავრცელა.