საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე მიწის მცირე მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა დღეს განმარტა, რომ რისკების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, ავტომობილებისთვის ალტერნატიული მარშრუტი იყო შემუშავებული. უწყებაში, დეზინფორმაციას უწოდებენ ვარაუდს, იმის შესახებ, რომ თითქოს მიწის რღვევა ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ გამოიწვია.
საგზაო დეპარტამენტში დღეს ისიც განმარტეს, რომ გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა დამცავი კედლის გამაგრებითი სამუშაოებიც. მათი თქმით, კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია, მიწის მასა კი სარეაბილიტაციოდ დარჩენილ 49 მეტრიან მონაკვეთზე მოწყდა. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესები სპეციალისტების სრული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს და შემთხვევა სამუშაოების შეფერხებას არ გამოიწვევს.
რაჭის გზაზე, სადაც კედლის გამაგრების სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა, გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შპს "არეა ქონქრეთ ჯგუფი" ასრულებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, მიწის ჩამოშლის გამეორების საფრთხე არ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე გვიან ღამითვე მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, სოფელ ზუდალში მიწის ფერდობის ჩამოშლამ ცენტრალური საავტომობილო გზის გარკვეული ნაწილის დაზიანება გამოიწვია, თუმცა, ამ დროისთვის, მსუბუქი მანქანებისთვის, გადაადგილება უკვე შესაძლებელია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ის გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეუფერხებლად გრძელდება.