საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა, გზა აღდგენილია. საავტომობილო მოძრაობა ერთ ზოლში ხორციელდება.
ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. მათი განცხადებით, გადაადგილება უსაფრთხოა.
გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, 107-ე კილომეტრზე სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწის მცირე მასა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ნორმები წინასწარ იყო გათვალისწინებული.
"თავიდანვე იყო მიღებული პრევენციული სამუშაოები. ცალ ზოლზე შეიზღუდა ავტო-ტრანსპორტის მოძრაობა. გუშინ, როდესაც მიმდინარეობდა ქვედა საყრდენი კედლის გარკვეული სამუშაოები, შეინიშნა ბზარი, რა დროსაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ობიექტიდან გასულიყვნენ ხალხი. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმები თავიდანვე დაცული იყო, შესაბამისად, მოხდა კიდევ ერთხელ სპეციალისტების მიერ დათვალიერება და სამუშაოები გრძელდება. ეს ბზარები არ არის სახიფათო," - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პავლე გამყრელიძემ.