რაჭის გზაზე კედლის გამაგრების სამუშაოებისას მიწის მასა ჩამოიშალა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავენ, რომ მიწის ჩამოშლა ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრას არ გამოუწვევია.
მათი ინფორმაციით, გზის მონაკვეთზე კედლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობდა, უსაფრთხოების ზომები კი წინასწარ იყო მიღებული. გზა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია და გადაადგილება, უსაფრთხოა.
"მიმდინარეობს კედლებისა და მდინარე რიონზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. 180-მეტრიანი კედელია, 140 მეტრი უკვე დასრულებულია და მხოლოდ 40 მეტრის სექციის მშენებლობა მიმდინარეობს და მშენებლობის პროცესში მოხდა ფერდის ჩამოშლა. როდესაც მშენებლობა დაიწყო, გზა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე გადატანილ იქნა. შესაბამისი ბარიერები იყო დაწყობილი, რათა ცალმხრივად მომხდარიყო აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა. ამ ეტაპისთვის, კიდევ გადავწიეთ გზა. უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია და ჩამოშლილი მასის შედეგად არავინ არ დაშავებულა, ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ამ ეტაპისთვის სამუშაოები," - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.