26 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ისტორიული გამარჯვება ოკინავაზე - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით დაიწყო

ისტორიული გამარჯვება ოკინავაზე. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით დაიწყო. ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა კაბო-ვერდეს ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 25 ქულიანი სხვაობით 85:60 დაამარცხეს.

გამარჯვების მიუხედავად სადებიუტო შეხვედრის საწყისი წუთები საქართველოს ნაკრებმა არადამაჯერებლად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველი 10 სროლიდან მხოლოდ 1 ჩააგდეს. ჩვენმა გუნდმა თამაშის ხარისხი მას შემდეგ გამოასწორა, რაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წუთშესვენება აიღო და მოთამაშეებს მითითებები მისცა.

საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობა მატჩის დასრულებამდე ხელიდან არ გაუშვა, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს. ოთხი მეოთხედიდან სამი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელიამ 16 ქულა დააგროვა და 7 მოხსნა განახორციელა. 11 მოხსნა და 15 ქულა გოგა ბითაძის ანგარიშზეა. სანდრო მამუკელაშვილმა კი 10 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ისტორიული მატჩის დაწყებამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი შეხვდა. თეა წულუკიანი ოკინავაში იმყოფება. მინისტრი საქართველოს ნაკრების პირველ თამაშს დაესწრო და სპორტსმენებს მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

F ჯგუფს პირველი ტურის შემდეგ საქართველოსა და სლოვენიის ნაკრებები ლიდერობენ. სლოვენიელებმა ვენესუელა დაამარცხეს. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი 28 აგვისტოს გამართავს. საქართველოს ნაკრები ოკინავა არენაზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს სლოვენიას დაუპირისპირდება.

ავტორი: ლევან გუგუტიშვილი და ედუარდ თათელიშვილი

დღის ამბები