26 ნოემბერი 2024,   06:51
ვრცლად
გამართლებული იქნება, საშემოდგომო სესიაზე, როდესაც პარლამენტი დაუბრუნდება "საპენსიო სააგენტოს"  შესახებ კანონპროექტის განხილვას, 2028 წლის პირველ იანვრამდე ვადის გადაწევის ნაცვლად მასში დროის დათქმები არ მოხდეს - სოსო არჩვაძე

საპენსიო ფონდის ფორმირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცულობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზაზე - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ფონდში აკუმულირებული სახსრები იმყოფება ეფექტური ზედამხედველობისა და გამოცდილი მენეჯმენტის ხელში.

მისი თქმით, ბოლო წლებში ხელისუფლების სტრატეგია პენსიების სიდიდის წინმსწრები ზრდის თაობაზე  ინფლაციის ტემპთან შედარებით ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ კურსს პენსიონერთა ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური დაცვის არსებითი გაუმჯობესებისაკენ.  

"საპენსიო ფონდის ფორმირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცულობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზაზე. ამ ფონდში აკუმულირებული სახსრები იმყოფება ეფექტური ზედამხედველობისა და გამოცდილი მენეჯმენტის ხელში, სრულად დაცული და ხელშეუხებელია. ბოლო წლებში ხელისუფლების სტრატეგია პენსიების სიდიდის წინმსწრები ზრდის თაობაზე  ინფლაციის ტემპთან შედარებით ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ კურსს პენსიონერთა ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური დაცვის არსებითი გაუმჯობესებისაკენ.   
ამ ფონზე,  საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა საპენსიო ფონდის რესურსების დივერსიფიცირების თაობაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ბენეფიციართა  (საპენსიო ფონდში შემომტანების - მომავალი პენსიონერების) ვალდებულება 2023 წლის 6 სექტემბრამდე მოეხდინათ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა რისკიან საინვესტიციო პროექტებში, რის შემდეგაც თავად ფონდი განსაზღვრავდა შესაბამისი სახსრების სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელებში განაწილებას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.  აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოითქვა მოსაზრება, რომ ხსენებული განზრახვის რეალიზაცია 2023 წლის 6 სექტემბრის ნაცვლად გადაიდება 2028 წლის 1 იანვრამდე, რაც  აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია.

ამასთან ერთად, ხელისუფლების მიერ საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური დაცულობა ამ უკანასკნელის სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფასაც გულისხმობს.  ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, უნდა გადაიდგას კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯი: ვფიქრობ, გამართლებული, უპრიანი იქნებოდა, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაუბრუნდება ზემოხსენებული ინიციატივის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის განხილვას, მეორე და მესამე მოსმენებისას, ვადის გადაწევის ნაცვლად მასში დროის დათქმები საერთოდ არ მოხდეს. ამასთან, რეფორმის სხვა ელემენტები (თავისუფალი არჩევანი პორტფელებს შორის, მეტი ჩართულობა საკუთარი დანაზოგის მართვაში) ძალაში უნდა დარჩეს, რითაც საპენსიო ფონდში შემტან პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისა და ინიციატივის შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა საკუთარი შენატანების დივერსიფიცირებაში უფრო მაღალრისკიან პროექტებში. შესაბამისად, ვინც საამისო სურვილს არ გამოთქვამს, მის სახელზე აკუმულირებული სახსრები განთავსებული იქნება მხოლოდ დაბალრისკიან პროექტებში. ვთვლი, რომ აღნიშნული წინადადება მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების სიმშვიდისა და აღმშენებლობით პროცესზე ეროვნული ენერგიის კონსოლიდაციას", - წერს არჩვაძე Facebook - ზე.

დღის ამბები