პროექტი "სოფლად სახლი" მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, სააგენტომ სოფლად სახლი იძულებით გადაადგილებულ 1 300-მდე ოჯახს უკვე შეუსყიდა. პროექტის ფარგლებში, ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე არჩევენ. სახლების დიდ ნაწილს, თან მიწის ნაკვეთები ახლავს, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებისა და დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენის შესაძლებლობას აძლევს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბენეფიციარს თავად შეუძლია აარჩიოს სახლი, რითაც მას ტერიტორიაზე ინტეგრაცია გაუმარტივდება.
"მნიშვნელოვანი პროექტია იმ კუთხით, რომ თავად დევნილი არჩევს სახლს, ტერიტორიას და სოფელს, სადაც მისთვის უფრო მისაღებია ცხოვრება და მისთვის უფრო ადვილი იქნება ინტეგრაცია. სააგენტო ყველანაირად ხელს უწყობს, რომ სახლი ჰქონდეს შესყიდული მოხდეს მისი განსახლება", - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ბენეფიციარი თვითონ არჩევს სახლს, ხშირად საცხოვრებელს მიწის ნაკვეთიც მოჰყვება, რაც ბენეფიციარისთვის დამატებითი სარგებლის მიღების საშუალებაა.
"პროგრამა მნიშვნელოვანია იმით, რომ საცხოვრებელ სახლებს ხშირად მოჰყვება მიწის ნაკვეთები, რომელიც მოსახლეს ხელს უწყობს განვითარებაში და დამატებითი შემოსავლის მოძიებაში", - განაცხადა სიმონ გულედანმა.
პროგრამის ბენეფიციარი მოსახლეობას ურჩევს, დაბრუნდნენ სოფლებში და მიხედონ ქართულ მიწას.
"დევნილთა სამინისტროს ხელშეწყობითა და დაფინანსებით შევიძინეთ სოფელში სახლი თავის ნაკვეთით. მოგვყავს ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური. ძალიან დიდი მადლობლები ვართ. ყველას ვურჩევდი წამოვიდნენ სოფლებში და მიხედონ ქართულ მიწას", - განაცხადა ვახტანგ დარბუაშვილმა.