26 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
კელი დეგნანი თბილისის დატოვებამდე ელექტრონულ არჩევნებს კვლავ აკრიტიკებს - რატომ მიიჩნევს მმართველი პარტია, რომ ელჩის განცხადებები საზოგადოებაში რყევებს იწვევს

კელი დეგნანს დღეს იმ განცხადების განმარტებაც მოუხდა, რომელიც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გააკეთა. რატომ შეიძლება იყოს ელექტრონული არჩევნების სისტემა ნაკლოვანი და ვერ უზრუნველყოფდეს სანდოობას,- ამასთან დაკავშირებით ელჩმა დღესაც თქვა, რომ ელექტრონული არჩევნები 100%-ით დაცული არ არის და აუცილებელია, საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება. არჩევნებზე საუბრისას ისიც ახსენა, რომ 2020 და 2021 წლის არჩევნებისთვის ეუთო/ოდირის ანგარიშში სამართლიანი არავის უწოდებია.

ელჩს "ქართულმა ოცნებამ" მალევე შეახსენა, რომ ეუთო/ოდირი ტერმინს - "სამართლიანი" უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტს სამართლიანად არც აშშ-ში ჩატარებული არჩევნები შეუფასებია. მათივე თქმით, ელექტრონული სისტემის შემოღება პარტნიორების პირდაპირი რეკომენდაცია იყო.

ტერმინს "სამართლიანი" ეუთო/ოდირი რომ პრაქტიკაში აღარ იყენებს. სამართლიანი არჩევნების ყოფილმა აღმასრულებელი მდივანმა პარლამენტში, გასაუბრებაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ განმარტა. თამარ სართანია მაშინ ცესკოს წევრობის კანდიდატი იყო.

ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ სიტყვა "სამართლიანი" არჩევნების შეფასებისას აუცილებელია და ეს დღესაც აპრობირებული ტერმინია. ხელისუფლების ოპონენტები კელი დეგნანს ეთანხმებიან, რომ ეუთო/ოდირმა გასული არჩევნები სამართლიანად არ შეაფასა. მიუხედავად იმისა რომ ელექტრონული არჩევნები ოპოზიციის მოთხოვნაც იყო და მხარდაჭერაც გამოუცხადეს, მათ დღეს ელჩის მხოლოდ ის ნათქვამი გაიზიარეს, რომლის მიხედვით, ელექტრონული სისტემა 100 პროცენტიან გარანტიას არ იძლევა.

ეუთო/ოდირის დასკვნას ოპოზიცია თავის დროზეც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდა - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ოპონენტები 2020 წლის არჩევნების შემდეგ სწორედ იმაზე აპელირებდნენ, თუ რატომ არ ჩაწერა საერთაშორისო ორგანიზაციამ დასკვნაში "სამართლიანი".

ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების პრაქტიკა უკვე არსებობს, თუმცა 2024 წელს ახალი ტექნოლოგიები უფრო მასშტაბურად იქნება გამოყენებული - ამომრჩეველთა 90% ხმას ახალი სისტემით მიცემს, დარჩენილი 10%-ის შემთხვევაში კი, ბიულეტენები გაციფრულდება.

დღის ამბები