26 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე - ურთიერთბრალდებების მიზეზი დედაქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტები იყო 

საკრებულოს სხდომაზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების განმუხტვა თავმჯდომარეს არაერთხელ მოუწია. ურთიერთბრალდებების მიზეზი დედაქალაქში დაგეგმილი სამშენებლო პროექტები იყო. ხუთ მათგანს ოპოზიცია საფრთხის შემცველად მიიჩნევს და განაშენიანებას ეწინააღმდეგება.

"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო - ცათამბჯენის, დიდ დიღომში ახალი უბნისა და ნაძალადევის რაიონში დაგეგმილი მშენებლობა - ეს იმ პროექტების ჩამონათვალია, რომლის განხორციელებას საკრებულოს ოპოზიცია მხარს არ უჭერს.

"პოლიტიკური ანგაჟირებულობა" და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა - ასე აფასებენ, ოპონენტების ბრალდებებს საკრებულოს უმრავლესობაში. "ქართულმა ოცნებამ" სხდომაზე პროექტებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

საკრებულოს სხდომა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარეშე გაგრძელდა. ოპოზიციურმა პარტიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. შესაბამისად პროექტების მიმართ მათი წინააღმდეგობა არც კენჭისყრაზე ასახულა.

დარბაზის დატოვებამდე "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართული ოცნება" სხდომების არასაკმარის საჯაროობაში დაადანაშაულა. ოპოზიციის განცხადებით, ნებართვის მიუხედავად მმართველმა პარტიამ დაინტერესებულ პირთა ნაწილს სხდომაზე დასწრება შეუზღუდა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით კი ამის მიზეზი კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოსალოდნელი არაკონსტრუქციული ნაბიჯები იყო. პროტესტი დარბაზში მყოფთა ნაწილმა ადგილზე გამოხატა.

დაგეგმილი პროექტების წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია ოპოზიციის ნაწილმა უშუალოდ სხდომაზე განსხვავებული ფორმითაც გამოხატა.

ოპოზიციის ნაწილი პროექტების განხორციელებაში შესაძლო კორუფციულ საფრთხეებზე საუბრობს და პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ოპონენტებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ და ცდილობენ, ქალაქის განვითარების ნაცვლად საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ.

ოპოზიციის კრიტიკა საკრებულოს მმართველი ძალისთვის მხოლოდ სპეკულაციებია. "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ ოპონენტებს დედაქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების ნაცვლად, საკითხის პოლიტიზება ურჩევნია. 

დედაქალაქში დაგეგმილ მშენებლობების ნაწილთან დაკავშირებით ჯერ გარკვეული პროცედურებია გასავლელი. პროექტებზე ჩატარდება კვლევები და საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისი დასკვნების შემდეგ იქნება მიღებული.

 

დღის ამბები