26 ნოემბერი 2024,   07:59
ვრცლად
რა მოხდა ტვერის თავზე - ორი დღეა დაზუსტებით ვერავინ ამბობს, იმყოფებოდა თუ არა აფეთქებულ თვითმფრინავში "ვაგნერის" დამფუძნებელი

ორი დღეა დაზუსტებით ვერავინ ამბობს, იმყოფებოდა თუ არა ტვერის ოლქის თავზე აფეთქებულ თვითმფრინავში "ვაგნერის" დამფუძნებელი, თუმცა ფაქტია, ევგენი პრიგოჟინს და მის მარჯვენა ხელს დიმიტრი უტკინს, ვაგნერელები მეორე დღეა გლოვობენ.

ევგენი პრიგოჟინის გარემოცვასა და დასავლურ ქვეყნებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ პუტინმა მის პირად მზარეულს ღალატი არ აპატია და ის თავიდან კარგად ნაცადი ხერხით ჩამოიშორა. 

პრიგოჟინის უსაფრთხოების ერთერთმა მთავარმა გარანტორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე საათის წინ დუმილი დაარღვია. პუტინზე თქვა, რომ მკვლელის როლში ვერც კი წარმოუდგენია, პრიგოჟინზე კი ის, რომ აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტიები მისთვის არასდროს მიუცია, ყოველ შემთხვევაში საზღვრებს მიღმა.

პენტაგონის დახურული წყაროები, თვლიან, რომ შესაძლოა პრიგოჟინის თვითმფრინავი მიწა-ჰაერის კლასის რაკეტას ჩამოეგდო. განიხილავენ თვითმფრინავზე დამონტაჟებული ბომბის ან საჰაერო თავდაცვის სისტემების რეაგირებასაც. რაც შეეხება მთავარ კითხვას - ცოცხალია თუ მკვდარი ვაგნერის მეთაური, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვისთვის იგი დიდი ალბათობით დაღუპულია, თუმცა ამის მტკიცებულება არ მიუღიათ და ამიტომაც ვერსიებზე საუბარს ფრთხილობენ.

თავად რუსეთში კი გამოძიება მეტწილად თვითმფრინავის გაუმართაობისა და სხვა ტექნიკური ხარვეზების ირგვლივ მიმდინარეობს. განიხილავენ საბრძოლო მასალასთან მიმართებით გაუფრთხილებლობის ვერსიასაც. კრემლისკენ მიმავალი ვერსიები არც კი განიხილება. საეჭვო გარემოებების დაშვებას რუსეთში დიდი გამბედაობა სჭირდება, რასაც ტრადიციულად, პუტინის ოპონენტების მკვლელობის საქმეების ძიებისას უწყებაში ვერ პოულობენ.

დღეს პრიგოჟინის თვითმფრინავის დარჩენილი ნაწილები იპოვეს ტვერის ორლქში არსებული მდინარისა და რკინიგზის მიდამოებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თვითმფრინავმა დაშლა ჯერ კიდევ ჰაერში ყოფნის დროს დაიწყო. ვრცელდება ცნობა იმის თაობაზე, რომ განგაშის სიგნალი ეკიპაჟს ცენტრისთვის არ მიუწოდებია, ეს კი ან ტექნიკურ გაუმართაობის გამო მოხდა, ან იმიტომ,რომ სამაგისო დრო ეკიპაჟს უბრალოდ არ ჰქონია. ბორტზე მყოფი პირებიდან რუსმა გამომძიებლებმა მხოლოდ პილოტის გარდაცვალება დაადასტურა - გრძელდება ცხედრების იდენტიფიცირება. მათ შორს არის ბორტ-გამცილებელი ქალიც, რომელმაც გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე - გავრცელებული ცნობებით - ახლობლებს შეატყობინა, რომ რეისი იგვიანებდა.

აქტუალობას არ კარგავს კითხვა, თუ რა ბედი ელის ვაგნერს. დასავლელი ანალიტიკოსები თვლიან,რომ ორგანიზაცია ბოლო დღეებს ითვლის. დღეს კრემლმა პირდაპირ თქვა, რომ არ არსებობს ისეთი სტრუქტურული ერთეული როგორიცაა “კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერია”, რომ არსებობს მხოლოდ დაჯგუფება ვაგნერი, რომლის მომავალზეც ვერაფერს იტყვიან. ბელარუსის პრეზიდენტმა კი თქვა რომ დაქირავებული მებრძოლები მასთან რჩებიან. თუმცა სავარაუდოდ ეს საქმე გართულდება. უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა დაჯგუფებამ უკვე მოუწოდა ვაგნერელებს შური იძიონ მათი მეთაურების მკვლელობისთვის და მათ მხარეს გადავიდნენ.

 

დღის ამბები