მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები ნინიკო მახათაძეს და მის მეუღლეს "ნიკორას" სუპერმარკეტში შეძენილი "კიევური კატლეტის" მიღებიდან მალევე გამოუვლინდათ. თვითმკურნალობა სცადეს, თუმცა მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა, რის გამოც მოწამლულები კლინიკაში გადაიყვანეს. ნინიკო მახათაძე ამბობს, რომ ექიმების დროული ჩარევის გარეშე, მათი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ცოლ-ქმარი "ნიკორას" წინააღმდეგ ახლა სამართლებრივ დავას იწყებს.
ჰოსპიტალიზაცია კიდევ 6 ადამიანს დასჭირდა. "კიევური კატლეტი" მათაც "ნიკორას" სასურსათო მაღაზიებში შეიძინეს. ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ყველა მათგანის ორგანიზმში საშიში ბაქტერია მოხვდა და სალმონელოზის ინფექცია განვითარდა.
სასურსათო კომპანია "ნიკორაში" მომხდართან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარისგან დღეს, თავი შეიკავეს, თუმცა ფაქტის გახმაურებიდან მალევე გაავრცელეს განცხადება. საქართველოში ათეულობით მაღაზიით წარმოდგენილმა კომპანიამ, კვებით ინტოქსიკაციაზე პასუხისმგებლობა მომმარაგებელს დააკისრა. თქვეს, რომ მოწამვლა "გრაკოს" ქათმის ფილემ გამოიწვია, რომლითაც "ნიკორა ტრეიდს" "ჯეო დისტრიბუცია" ამარაგებდა. "კურიერი" დღეს შეეცადა კომპანიის ხელმძღვანელთან დაკავშირებასაც, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ინტოქსიკაციის ფაქტს სწავლობს სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის პროდუქტის ნიმუშები აიღეს, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და საწარმოო პროცესიც შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ "კატლეტი კიევურის" ფარში.
8 ადამიანის კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა ამ დრომდე გრძელდება. არ არის გამორიცხული, პროცესი უკვე სასამართლო დარბაზში გაგრძელდეს.