26 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა - რა განცხადებები გაკეთდა განხილვის დროს და როგორია მხარეთა პოზიციები

თბილისის საკრებულოს სხდომა 4 საათის განმავლობაში, კამათის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით ისმოდა. ისინი ეკოლოგიურ და ურბანულ რისკებზე საუბრობენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულო მიიღებს ყველა პროექტს, რომელიც თბილისის ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს, ხოლო პოლიტიკური ოპონენტები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

"ჩვენი კოლეგები ნამდვილად გამოირჩევიან გვარების მიმართ ინტერესით. გუშინ, კომისიაზეც არაერთი მაგალითი იყო მოყვანილი, როდესაც ერთსა და იმავე არეალში უფრო მეტი სიმჭიდროვის გეგმა დაგვემტკიცებინა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია არანაირი პროტესტი. ეს ადამიანები უმეტეს შემთხვევაში არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. განაშენიანებას რაც შეეხება, ეს არის აუცილებელი პროცესი,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნინო კვიტაიშვილის შეფასებით კი, გეოლოგიურ პროცესებთან მსგავსი პოლიტიკური თამაში თბილისის მაცხოვრებლების უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ანადგურებს.

"როგორ შეიძლება ვინმე იღებდეს პასუხისმგებლობას, რომ ამ შემთხვევაში, "ლაგუნა ვერესთან," სადაც რეკრეაციის შენარჩუნება არის ექსპერტებისგან ყველაზე დიდი რეკომენდაცია, ეს უზარმაზარი მშენებლობა წარიმართება და 5 წლის შემდეგ მაინც არ დატრიალდება შადრევანზე დიდი ტრაგედია. მსგავსი პროექტები ამ ქალაქის კულტურულ გენოციდს ნამდვილად, მოახდენს",- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კვიტაიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ კი განაცხადა, რომ ძალიან ბევრი კვლევა და საინჟინრო გადაწყვეტილებაა საჭირო იმისათვის, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილება იყოს მიღებული.

საკითხებს სხდომის დასასრულს კენჭი უყარეს. ყველა პროექტს საკრებულოს უმავლესობის მხრიდან მხარდაჭერა აქვს

დღის ამბები