26 ნოემბერი 2024,   07:59
ვრცლად
გია ცაგარეიშვილი - აშშ არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ეს ურთიერთობები ეჭვქვეშ არავის დაუყენებია

აშშ არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ეს სტრატეგიული ურთიერთობები ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს არის ობიექტური რეალობა, რომლითაც არის გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა, მათ შორის, სავაჭრო, სამხედრო სტრატეგიული სახის ურთიერთობები - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ცაგარეიშვილის თქმით, ამ სტრატეგიულმა ურთიერთობამ გაუძლო დროს, უამრავ ქარტეხილს და გამოწვევას.

"კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს არის სტრატეგიული ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს, უამრავ ქარტეხილს, გამოწვევას. აშშ არის ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ეს სტრატეგიული ურთიერთობები, მგონი, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს არის ობიექტური რეალობა, რომლითაც არის გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობა, მათ შორის, სავაჭრო, სამხედრო სტრატეგიული სახის ურთიერთობები. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა სწავლება, რომელიც ჩვენი ამერიკელი პარტიორების პატრონაჟის ქვეშ იმართება უკვე მრავალი წელია. დავესესხები ქალბატონ ელჩს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო სტრატეგიული სახის ურთიერთობები უმაღლეს დონეზეა საქართველოსთან და იმ ქვეყანასთან, სადაც რაიმე სახის პრობლემებია ურთიერთობაში, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით ურთიერთობები არ ღრმავდება და ასეთ ყოვლისმომცველ სახეს არ იძენს და ვერ შეიძენდა“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, პრორუსული ძალების მხრიდან არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარეობს ინტენსიური კამპანია პროევროპული, პროამერიკული, დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, არამედ ეს არის მსოფლიოს სენი, რომელსაც ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ.

"შეფარული და აგრესიული ფორმით ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს ამგვარი კამპანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებშიც და სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მეთოდებით უპირისპირდებიან და ებრძვიან ამას. ჩვენც გვაქვს ამგვარი გამოწვევები და შეძლებისდაგვარად ყველა მოცემულობის გათვალისწინებით ჩვენ ამ გამოწვევებს თავსაც ვარიდებთ და შესაბამისი წესით ვპასუხობთ ხოლმე. ზოგიერთი განსხვავება შეხედულებებს შორის, რაც ფიქსირდებოდა ამ წლების მანძილზე, გამოვყოფ ქალბატონი ელჩის რამდენიმე განცხადებას, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული აღქმა ჰქონდა ხოლმე საპარლამენტო გუნდში, ვფიქრობ, ესეც ბუნებრივი პროცესია. პარტნიორობა არ ნიშნავს ერთხმად ყველაფერზე საუბარს, პარტნიორობა პირველ რიგში ნიშნავს ცხოველ განხილვებს, დებატებს, ბჭობას, აზრთა გაცვლას, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილები ვართ ამგვარი ურთიერთობისთვის და მგონი, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში ბევრ პოლიტიკურ მოვლენაზე ადამიანებს მათ შორის, სახელისუფლებო გუნდიდან ექნებათ მომავალშიც და აქვთ დღესაც განსხვავებული პოლიტიკური შეფასება და ამ შეფასების გამოთქმას ჩვენ ნურავინ აგვიკრძალავს, ეს არის სწორედ ქართული დემოკრატიის მონაპოვარი. მე არასდროს ვერიდებოდი და არ ვერიდები განსხვავებული აზრის გამოთქმას, მათ შორის იმისგან, რაც თუნდაც აშშ -ის ელჩს ან რომელიმე მეგობარი ქვეყნის ელჩს ჰქონდა. მგონი, სტანდარტი, რომელიც დავამკვიდრეთ ცუდი არ არის. სწორედ ამ დავაში იბადება ჭეშმარიტება. ეს არც ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების ელფერს ცვლის და მა შორს ვარ იმისგან, რომ თუ ქართული ოცნების რომელიმე დეპუტატი რაიმე პოზიციას გამოთქვამს, ეს შეარყევს ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების სამ ათეულ წელს," - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დღის ამბები