26 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
ელექტრონული არჩევნები არაა 100%-ით დაცული, ამიტომ მოსახლეობის ინფორმირება უნდა მოხდეს, რომ არ იყოს შეფერხებები და ხარვეზები - კელი დეგნანი

კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაასრულა. დღევანდელი შემაჯამებელი პრესკონფერენციის გამართვის დროს, კელი დეგნანს ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების განმარტება მოუწია. საუბარია, „რადიო თავისუფლების“ ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით.

კელი დეგნანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ელექტრონული არჩევნები 100%-ით დაცული არ არის და რომ მოსახლეობას აქამდე ამ სისტემით ხმა არ მიუცია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების ამ მიმართულებით ინფორმირება მოხდეს.

კელი დეგნანის განცხადებით, მომავალი წლისთვის არჩევნებზე დაკვირვების კუთხით სადამკვირვებლო მისია შეიკრიბება, რაც მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია.

"ჩემი ნათქვამი ზოგმა სწორად გაიგო, იყო არასწორი ინტერპრეტაციაც - გააზრებულადაც და გაუაზრებლადაც. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქამდე ელექტრონულად ხმა არ მიუცია. ინფორმაცია უნდა არსებობდეს იმაზე თუ როგორ მუშაობს პროცესი, როგორ კეთდება ეს. ამაში წინააღმდეგობრივი არაფერია, ეს არის საღი აზრი.

აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანია, საარჩევნო კომისია დარწმუნებული ვარ მაქსიმუმს გააკეთებს მომდევნო თვეებში, რომ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. იყო პრობლემები, მნიშვნელოვანია თანამშრომლების მომზადება ამ სიახლეების გამოსაყენებლად.

ელექტრონული არჩევნები არაა 100%-ით დაცული. ზოგან ამ პრინციპს იყენებენ, ზოგან კი ამ გამოცდილების შემდეგ თქვეს, რომ ეს არაა საუკეთესო გზა. ამიტომ მოსახლეობის ინფორმირება უნდა მოხდეს, რომ არ იყოს შეფერხებები და ხარვეზები.

სამართლიანი არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის ანგარიშს უნდა გაეცნოთ - სამართლიანი მისთვის არავის უწოდებია. იყო მთელი რიგი კარგი მოვლენა - რომ ის იყო კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ რისი ნახვაც გვსურს არის ის, რომ თითოეული შემდეგი არჩევნები ჯობდეს წინას.

საჩივრების ნაწილში თვლიდნენ, რომ არჩევნები არ წარიმართა სამართლიანად. მნიშვნელოვანია, ამომრჩევლები თვლიდნენ, რომ მისი საჩივარი სწორად არის განხილული. სადამკვირვებლო მისია მომავალი წლისთვის შეიკრიბება და ეს იქნება მნიშვნელოვანი," - განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, მომავალი კვირიდან საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას კელი დეგნანის მოადგილე შეასრულებს. კელი დეგნანის შემცვლელი კი უკვე ცნობილია - ეს არის რობინ დანიგანი, რომელიც ოფიციალურად სენატმაც დაამტკიცა. მას საქართველოში სავარაუდოდ ოქტომბრიდან უნდა ველოდოთ.

დღის ამბები