26 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
რატომ ეწინააღმდეგება ოპოზიცია თბილისში დაგეგმილ მშენებლობის პროექტებს - საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე დეპუტატები ამ დრომდე მსჯელობენ

თბილისში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებზე თბილისის საკრებულოში, ურბანული კომისიის სხდომაზე დეპუტატები ამ დრომდე მსჯელობენ. ოპოზიცია განსაკუთრებით ხუთ პროექტს ეწინააღმდეგება, მათ შორის, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიასა და დიდ დიღომში დაგეგმილ მშენებლობებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტები ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გეოლოგიის მიმართულებით პრობლემას ქმნის. ისინი დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხებზე მსჯელობის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა, მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

"2 მილიონ კვადრატულ მეტრამდე მოცულობის მშენებლობის უფლების გაცემა იგეგმება ქალაქის ყველაზე შეუსაბამო და პრობლემურ ადგილებზე - გმირთა მოედანზე, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, ჭავჭავაძეზე და დიდ დიღომში, სადაც უბრალოდ, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ამ პროექტებს თან ახლავს პრობლემები და რისკები, როგორც ურბანული და სატრანსპორტო, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე საბა ბუაძე.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ოპოზიციის პრეტენზიები არასერიოზულია და ისინი საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობენ. უმრავლესობის მტკიცებით, ყველა პროექტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და არც იმ პრობლემებს წარმოშობს, რომლებზეც მათი ოპონენტები აპელირებენ.

"ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ საკითხი იმაზე კი არაა, ურბანულად რა არის მისაღები და სწორი მათთვის, არამედ საუბარია იმაზე, რომ თუ კონკრეტული პიროვნებების სამშენებლო ნებართვას ეხება, მხოლოდ ამაზე მოხდეს ხმაური და აჟიოტაჟი და ჩვენ არ ვაპირებთ ამაში შესვლას. არცერთი GRG არ მიიღება შესაბამისი კვლევების გარეშე. ამიტომ, ამ მიმართულებითაც, ჩვენი პოზიცია არის გამართული. ცოტა არასერიოზული დღეს საუბარი იმაზე, რომ რაიმე პროექტი თბილისში მტკიცდება თანამედროვე სტანდარტების მიღმა. ეს ასე არ არის ნამდვილად. იყო საუბარი ტრანსპორტთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობთ, რომ არცერთ ამ პროექტთან მიმართებაში ამ თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს,"- აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.

დღის ამბები