ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეფორმა, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების განსხვავებულ მეთოდს გულისხმობს. "დიარჯი სისტემა" პაციენტის დიაგნოზს, ჰოსპიტალიზაციის პერიოდსა და ფინანსური მხარდაჭერის რაოდენობას განსაზღვრავს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოცდილი მოდელით, ავტომატურად გამოითვლება სამართლიანი ფასი, რომელსაც სამინისტრო მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ხარისხიანი ჯანდაცვისთვის გადაიხდის.
"დიარჯი სისტემის" დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ უწევს. გადასახდელი იქნება მხოლოდ ის თანხა, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. ექიმები ამბობენ, რომ გამოწვევების მიუხედავად, რეფორმა, თანამედროვე მედიცინაში გადამწყვეტი იყო და ექიმსა და პაციენტს შორის ფინანსური ბარიერი მოიხსნა.
ხარჯეფექტურობის გაზრდა და მოსახლების თანაგადახდის შემცირება - ახალი რეფორმის მიზნებზე განმარტებები დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს. უწყებაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შედეგები უკვე სახეზეა. სამინისტროში მუშაობს დიარჯის ჯგუფიც, რომელიც სამედიცინო სფეროში არსებულ ტარიფებსა და გადახდებს, ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს.
ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ დიარჯი სისტემა, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია და ჩვენს ქვეყანაშიც ეფექტურად იმუშავებს.