მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე მესტია მასპინძლობს. უკვე მესამე დღეა კულტურის ცენტრში კინოჩვენებები იმართება. 5 წევრიან ჟიურის რთული ამოცანა აკისრია - შერჩეული ფილმებიდან გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინონ.
მესტიის ფესტივალი დაფუძნების დღიდანვე საერთაშორისო პრესის ობიექტივშია. ღონისძიების გაშუქების მსურველთა ნაკადი ყოველ წელს მატულობს - უცხოური მედიის წარმომადგენლები საქართველოს კულტურის, ტურისტული პოტენციალისა და მთის ფესტივალის შესახებ სტატიებს, რეპორტაჟებსა და ვიდეორგოლებს მოამზადებენ. გერმანელი, კანადელი და კორეელი ჟურნალისტები კავკასიონის ქედის ფონზე მრავალფეროვან პროგრამას ადევნებენ თვალს, სადაც ქართული ნამუშევრების პრემიერაც შედგება.
ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ინდონეზია - ეს ფესტივალში მონაწილე ქვეყნების არასრული ჩამონათვალია. 2 სექციად დაყოფილ კონკურსში 20 ფილმი მონაწილეობს, რომლებიც 2 000-მდე განაცხადიდან შეირჩნენ. მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი ქვეყნის პოპულარიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია.
მთის თემატიკით შექმნილ საუკეთესო ფილმებს 26 აგვისტოს გამოავლენენ. 4 დღიანი ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საუკეთესო კინომუსიკისთვის განსაკუთრებული პრიზიც დაწესდა.