ყირიმის ნახევარკუნძულზე ოკუპაციის შემდეგ უკრაინის დროშა პირველად სწორედ დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოჩნდა, სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ ეს ომში მყოფი სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი სტიმული აღმოჩნდა. საჩუქარი თანამემამულეებს დაზვერვის სამსახურმა გაუკეთა, რომელმაც სპეცრაზმის დესანტი ოკუპირებულ კუნძულზე ღამის 4 საათისთვის გადასხა. რუსეთის მიერ ანექსირებულ ტარხანკუტის კონცხზე სოფელ მაიაკთან უკრაინელი სპეცრაზმელების გამოჩენას ბრძოლის გარეშე არ ჩაუვლია.
საჩუქარი თანამემამულეებს თავდაცვის ძალებმაც გაუკეთეს. ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიისგან კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლება მოახერხეს. ახლა იქაც უკრაინის დროშა ფრიალებს.
ქვეყანა მეორე წელს ითვლის, რაც საოკუპაციო ძალები მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ომის დაწყებიდან 547-ე დღეს ისტორიულად უკრაინის მოძმე და ერთმორწმუნე რუსეთის ანგარიშზეა - 9 500-მდე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, 550-მდე ბავშვის შეწყვეტილი სიცოცხლე, ტერიტორიებიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპირება, ასამდე დაბომბილი ეკლესია. სწორედ ამიტომ, დღეს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 32-ე წელს უკრაინა მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
უკრაინის დამოუკიდებლობა რომ სამხედროებისა და რიგითი მოქალაქეების პატრიოტიზმზე დგას, ამით ამაყობს ქვეყნის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თარიღი სწორედ მოსახლეობისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გამარჯვებას უკრაინას მთელი ცივილიზებული მსოფლიოც უსურვებს. სხვადასხვა ქვეყნისგან კიევმა საჩუქრებიც მიიღო - სამხედრო ტექნიკა ფრონტის ხაზზე უფრო ეფექტური ბრძოლისთვის. ქვეყნის პრეზიდენტმა კი სამშობლოდან თანამემამულეების გარდა, მსოფლიოსაც მიმართა.
რუსეთმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს არაერთი რაკეტა ისროლა. სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. დონეცკსა და ხერსონში საოკუპაციო ძალების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დნეპროპეტროვსკში კი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიჭრა.
ვითარება დღეს კრიტიკული იყო ფრონტის ხაზზეც, სადაც უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ არაერთი შეტევა სცადა. უკრაინელმა სამხედროებმა ყველა თავდასხმის მოგერიება მოახერხეს. რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ფრონტზე ბოლო 24 საათში 23 შეტაკება მოხდა.
უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან ქართველი მეომრებიც, ბრძოლის ველზე, ბახმუტის მისადგომებთან დღეს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა.