26 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
შოვის ტრაგედიის კიდევ ორი მსხვერპლი - დამანგრეველი სტიქიის 21-ე დღეს 2 დაკარგულს ისევ ეძებენ

სტიქიის ზონიდან 40 კილომეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში, სოფელ სორთან დღეს მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაღუპული მაშველებმა კინოლოგების დახმარებით ნახეს.

დღეს კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს სტიქიის ეპიცენტრში. მაშველებმა მოზარდი შოვში, მეწყრულ მასაში, სამძებრო სამუშაოების დროს იპოვეს.

ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში უკვე გადაასვენეს. ვინაობის დასადგენად, შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარმა სტიქიამ, 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 29 უკვე იდენტიფიცირებულია.

ოფიციალური ინფორმაციით, ძებნის პროცესი მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაკარგულს არ იპოვიან.

დაკარგული ადამიანების ნივთებს და ტანსაცმელს, მეხანძრე-მაშველები თითქმის ყოველ დღე პოულობენ. სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ააღმოჩენილია ასევე ძვირფასეულობაც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ყველა ნივთი, რომელიც სტიქიის ზონაშია აღმოჩენილი მეპატრონეებს უბრუნდებათ.

სამძებრო არეალმა უკვე გუმათ ჰესამდე მიაღწია. დაკარგულებს ეძებენ ყველგან, მდინარეების კალაპოტებში, სტიქიის ეპიცენტრში და მიმდებარე ტერიტორიებზე. მაშველები სპეც ტექნიკით და შესაბამისი აღჭურვილობებით მუშაობენ.

2 დაკარგულის ძებნის პროცესი სტიქიის ეპიცენტრში და რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში უწყვეტად გრძელდება. სწრაფი დინების გამო, მეხანძრე-მაშველები მდინარეებში, სპეციალური ნავებით გადაადგილდებიან.

დღის ამბები