თვითმფრინავში, რომელიც ტვერის ოლქში ჩამოვარდა, "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ "როსავიაციაში" აცხადებენ.
საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 10 ადამიანი ემსხვერპლა. კერძო თვითმფრინავი მოსკოვიდან პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდა.
რუსული მედია ასევე წერს, რომ ბორტზე პრიგოჟინის მოადგილე, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდა. რუსეთის ავიაციის სააგენტო კი ადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი მგზავრების სიაში პრიგოჟინის გვარიც იყო.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.