საპარლამენტო უმრავლესობა ოპონენტებს თეა გოდოლაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. საქმე ეხება მეცნიერის წინააღმდეგ მოზარდზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესს, რომლის კრიტიკაც ოპოზიციამ პირადი ცხოვრების ხელყოფად შეაფასა. კანონმდებლების თქმით, ოპონენტები ბავშვზე ძალადობაზეც კი შერჩევით რეაგირებენ.
არის თუ არა მოზარდზე სავარაუდო ძალადობის ირგვლივ კომენტარის გაკეთება პირადი ცხოვრების ხელყოფა - უმრავლესობის მიერ დასმულ ამ კითხვას დღეს ოპოზიციაში თავი აარიდეს. პოლიტიკოსები დღესაც იმეორებენ, რომ სეისმოლოგის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც მის მიერ შოვის ტრაგედიის დროს გაკეთებულ კომენტარებს უკავშირდება.
იმას, რომ თეა გოდოლაძის მიმართ შესაძლოა კითხვები არსებობდეს, არ გამორიცხავენ "ნაციონალურ მოძრაობაში," თუმცა, შეფასებების დროს ორმაგი სტანდარტით მიდგომის პრობლემას ხელისუფლების გაცხადებებში ხედავენ.
სავარაუდო ძალადობის საქმის შოვთან დაკავშირების მცდელობას მანიპულაციას უწოდებენ სახელისუფლებო პარტიაში. დეპუტატების განმარტებით, გოდოლაძეს გირაო ტრაგედიამდე თითქმის ერთი თვით ადრე შეეფარდა. მმართველი გუნდში ოპოზიციას ძალადობის ღიად დაგმობისკენ მოუწოდებენ. ამბობენ იმასაც, რომ მეცნიერის წინააღმდეგ აღძრული საქმე მის პროფესიულ კეთილსინდისიერებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამ დროისთვის ბრალი მოზარდზე ძალადობაში ედება. თეა გოდოლაძე 2000 ლარიანი გირაოს საფუძველზე, ივლისში, სასამართლომ გაათავისუფლა. მას ფიზიკურ ძალადობაში ყოფილი მეგობარი მამაკაცის შვილი ადანაშაულებს. თავის მხრივ, მეგობარი მამაკაცის მხრიდან ძალადობის ფაქტზე დაზარალებულადაა ცნობილი თავად გოდოლაძეც.