26 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ტრაგედიიდან მე-20 დღეს შოვში 4 დაკარგულს ისევ ეძებენ  - პარალელურად, სპეციალისტები მყინვარების მონიტორინგს ახორციელებენ

ონის ცენტრიდან ვერტმფრენი თითქმის ყოველდღე ფრინდება - მისია გეოლოგების და ჰიდროლოგების სტიქიის ზონაში გადაყვანაა. დარგის სპეციალისტები მყინვარს და მთებს აკვირდებიან.

სპეციალისტთა ჯგუფი სტიქიის ზონაში მონიტორინგისთვის დღესაც გაფრინდა. ვერტმფრენიდან ბუბისწყლის მყინვარი და იქ არსებული მდგომარეობა შეამოწმეს. დარგის ექსპერტებმა "კურიერთან" საუბრისას განმარტეს, რომ ხეობაში ღვარცოფის ან სხვა ბუნებრივი პროცესების დაწყების საფრთხე არ არსებობს.

გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობენ იმ უწყებებთან, რომლებიც სტიქიის ზონაში უკვე 20 დღეა იმყოფებიან. მეხანძრე-მაშველები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს 60 კილომეტრიან ფართობზე ატარებენ. ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკაა მობილიზებული მდინარეებში - რიონსა და ჭანჭახში მიმდინარეობს კალაპოტების ფორმირების პროცესი.

3 აგვისტოდან დღემდე მეხანძრე- მაშველებმა 29 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 27 უკვე იდენტიფიცირებულია, მათ შორის ერთ-ერთი ლევან რაზმაძეა. ოჯახმა დნმ ანალიზის პასუხები დღეს გაიგო. დაღუპული, რამდენიმე დღის წინ, მჟავე წყლების ტერიტორიაზე ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხეობაში ღვარცოფის ჩამოსვლის დროს, რაზმაძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

უწყვეტად მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნის პროცესი. სპეციალური ღონისძიებების არეალი უკვე ამბროლაურამდე აღწევს.

დღის ამბები