26 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
საბერძნეთში, სადაც მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან, მაშველებმა ერთ-ერთ სოფელთან 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს - მსხვერპლი მოჰყვა ხანძარს თურქეთშიც, 9 სოფლიდან მოსახლეობა გაიყვანეს

საბერძნეთში, სოფელ ავანტასში უკონტროლო ცეცხლის გამო მოსახლეობამ ყველაფერი დაკარგა. განადგურდა სახლები და შენობები. დასახლების სამხრეთით კი, სადაც სტიქია მძვინვარებს, მეხანძრეებმა 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს. დაღუპულები მიგრანტები არიან.

ევროსის რეგიონი, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალი მიგრანტებისთვის პოპულარული მარშრუტია. ვარაუდობენ, რომ დაღუპული მიგრანტების რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ცეცხლი ქალაქ ალექსანდროპოლისს უახლოვდება. ქალაქის საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია გახდა საჭირო, ისინი ბორნით ახლომდებარე პორტში გადაიყვანეს. ევაკუირებულებს შორის ახალშობილები და ინტენსიური თერაპიის განყოფილების პაციენტები არიან. სხვადასხვა დაწესებულებების კაფეტერიები დროებით სამედიცინო პუნქტებად გადაკეთდა.

მედპერსონალი მასშტაბურ ხანძარს ომს ადარებს. საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩომ გამაფრთხილებელი ინფორმაცია გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი. "კურიერი" საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებსაც დაუკავშირდა. მათი თქმით, ხანძრის კერები უკვე ათენის გარეუბნებსაც უახლოვდება.

მეხანძრეები 24 საათის განმავლობაში ცდილობენ ცეცხლის კერებთან გამკლავებას, თუმცა ძლიერი ქარისა და სიცხის გამო ხანძარი ძალებს იკრებს. ძლიერმა დაკვამლიანებამ მთელი ტერიტორია დაფარა. ამ დროისთვის უკონტროლო ათობით ცეცხლის კერაა. ტყის 23 000 ჰექტარზე მეტია დამწვარია.

მსხვერპლი მოჰყვა მასშტაბურ ხანძარს მეზობელ თურქეთშიც. 9 სოფლიდან მოსახლეობა გაიყვანეს. სტიქიის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ადგილობრივებმა გაქცევა ძლივს მოასწრეს. სტიქიის გამო დაიკეტა დარდანელის სრუტე. დამწვარია რამდენიმე გემი.

ჩანქკალეს პროვინციაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-მდე თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი და ათასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ადგილზე მიმდინარეობს სახანძრო სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები