26 ნოემბერი 2024,   07:31
ვრცლად
მოლდოვური გამოძიების მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერში, მინდია ლავასოღლი კიშინიოვში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკვლით ემუქრება - ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდზე ძებნა გამოცხადდა

მოლდოვური გამოძიების მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერში, მინდია ლავასოღლი კიშინიოვში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკვლით ემუქრება. ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, დაზარალებულს ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის მილიონი ევროს გადახდას აიძულებს.

ლავასოღლის მიმართ, რომელიც მასშტაბური გამოძალვის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად სახელდება, მოლდოვამ ძებნა გამოაცხადა. საქმე ეხება ადგილობრივი კომპანიის, "დრიმ ავტოს" მეწილეებს შორის დავას, რომელიც 2019 წელს დაიწყო.

კომპანიის ერთი მეწილე მეორეს, ავტობიზნესიდან მილიონი ევროს გაფლანგვას ედავება და ამ თანხის დაბრუნებას ითხოვს. მოდავემ მიზნის მისაღწევად, ე.წ. ქურდულ სამყაროს მიმართა. საქმეში ჯერ ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტი, აღმოსავლურ ბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი ივან შოლტოიანუ ჩაერთო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის გარემოცვის წევრია. გამოძიებამ დაადგინა, რომ 45 წლის ბიზნესმენს პარტნიორისთვის თანხის მიტანას, ოჯახის წევრების განადგურების მუქარით, ჯერ მოლდოველი კრიმინალი აიძულებდა, მოგვიანებით, ქურდული დავის გადაწყვეტა ლავასოღლის სწორედ შოლტოიანუმ სთხოვა.

მინდია ლავასოღლის და ივან შოლტოიანუს გარდა, კიშინიოვის პოლიცია კიდევ რამდენიმე დამნაშავეს ეძებს. ამ ეტაპზე, მოლდოველმა სამართალდამცველებმა, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, გამოძალვის და მუქარის საქმეზე, ვლადიმ ჩირპი დააკავეს, "დრიმ ავტოს" ყოფილი წარმომადგენელი, რომელიც პარტნიორისთვის მილიონი ევროს გამოძალვას "კრიმინალური ავტორიტეტების" დახმარებით ცდილობდა.

სად არის და რა პოზიცია აქვს მოლდოვაში წარდგენილ ბრალზე ლავასოღლის, მისმა ქართველმა ადვოკატმა არ იცის. გელა ნიკოლაიშვილს ე.წ. კანონიერი ქურდი ევროპიდან მხოლოდ რამდენჯერმე, იურიდიული კონსულტაციისთვის დაუკავშირდა. ადვოკატმა მისი ადგილსამყოფელი არ იცის.

ინტერპოლით ძებნილი მინდია გორაძე მოლდოვაში რამდენიმე წლის წინ დააკავეს. ლავასოღლი დაკავებული იყო უკრაინაში, თურქეთსა და მონტენეგროშიც. ბოლოს ის 6 თვის წინ, უკრაინის მოქალაქის ყალბი პასპორტით, ალბანელმა სამართალდამცველებმა აიყვანეს. საექსტრადიციო პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, მინდია ლავასოღლიმ ტირანადან თავის დაღწევა შეძლო და ერთ-ერთი ვერსიით, თავს ისევ თურქეთს აფარებს.

ლავასოღლიზე საერთაშორისო ძებნა საქართველოს მოთხოვნით 2017 წელს გამოცხადდა. ინტერპოლს ქართულმა მხარემ მას შემდეგ მიმართა, რაც ე.წ. კანონიერი ქურდის მიმართ, 2 გამამტყუნებელი განაჩენი გამოცხადდა. შესაბამისად, საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში, მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის, ციხეში 12 წლის გატარება მოუწევს. მანამდე კი, მოლდოველი სამართალდამცველები მის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობენ.

დღის ამბები