შოვში გეოლოგები მუშაობენ - დღის განმავლობაში, ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ითქვა, რომ ისინი აკვირდებიან მწვერვალს და სტიქიის ზონაში არსებულ სურათს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიტალი მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს.
"ამ მომენტისთვის მდგომარეობა სტაბილურია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოლოგიის თანამშრომლები იმყოფებიან მყინვართან, ახორციელებენ მონიტორინგს 24/7-ზე და აკვირდებიან ყველა პროცესს. ამ მომენტისთვის არ ველოდებით მსგავსი სტიქიის განვითარებას. რაც შეეხება დასკვნას - გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს მომზადებული წინასწარი დასკვნა, რომელიც გამოქვეყნებულია," - აცხადებს ვიტალი მაჭავარიანი.
პარალელურად, გრძელდება სტიქიის ზონიდან ამოსვენებული მოქალაქეების იდენტიფიცირების პროცესი. ამ დრომდე, 29 გარდაცვლილიდან 27 უკვე იდენტიფიცირებულია. კიდევ ერთი ადამიანი, ვისი გარდაცვალებაც დადასტურდა, ეს 69 წლის ლევან რაზმაძეა.
"სამსახურებრივ მოვალეობის დროს იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე. უთქვამს თანამშრომლებისთვის, მჟავე წყალზე ავალ და ჩამოგიტანთო. GPS-ითაც დაფიქსირდა მისი მანქანა," - აცხადებს ლევან რაზმაძის ახლობელი.
პარალელურად, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ოთხი ადამიანი, რომელთაგან 3 ბავშვია, 1 კი ზრდასრული.