26 ნოემბერი 2024,   07:56
ვრცლად
საქართველოს ნაბიჯი არის პოლიტიკა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვატარებთ და არ ვაძლევთ რუსეთს საშუალებას მუქარა რეალობად აქციოს - ირაკლი ქადაგიშვილი

მედვედევის განცხადებას "ქართულ ოცნებაში" მუქარასა და შანტაჟს უწოდებენ - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები და "ქართული ოცნების" მიერ წარმართული პოლიტიკა არის სწორედ ის, რაც 10 წლის განმავლობაში არ აძლევს რუსეთს საშუალებას აღნიშნული მუქარა განახორციელოს.

"ეს არის მუქარა, შანტაჟი. ჩვენ ვხედავთ, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა აქვს საქართველოს ოკუპაციიდან გამომდინარე. ამასთან ერთად მედვედევის განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც სწორედ მიზნად ისახავს ქვეყანა ააცილოს მაქსიმალურად ასეთი ტიპის პროვოკაციებისაგან და შანტაჟისგან არის ერთადერთი სწორი გზა.

საქართველოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი არის ის პოლიტიკა, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვატარებთ ჩვენ და არ ვაძლევთ რუსეთის ფედერაციას საშუალებას, რომ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს და რეალობად აქციოს. ეს არის ის კონკრეტული შედეგი, რომლითაც ჩვენ, ამ პოლიტიკით საქართველოს ავაცილეთ და შემდგომშიც ავაცილებთ ამ შანტაჟის ენით გამოთქმულ საფრთხეებს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს უკრაინიზაციას არ დაუშვებს.

"ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვერც რუსეთის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესს ხედავს უკრაინის ომში, რასაც ეწირება სამწუხაროდ უკრაინის სახელმწიფო, უკრაინელი ხალხი, უკრაინის ეკონომიკა, მომავალი და ა.შ.

ბუნებრივია, საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ არ დავუშვებთ, როგორი მაპროვოცირებელი, შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, მედვედევი იქნება ეს, რუსეთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირი თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი. ჩვენ ბუნებრივია ამას დავგმობთ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს.

დღის ამბები