26 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე, რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო, ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება - მედვედევი

რუსეთის მორიგი მუქარა - დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას გააგრძელებს.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დასავლეთმა უნდა გაითავისოს, რომ 2008 წელს რუსეთმა შეაჩერა თბილისზე თავდასხმა, როცა მოახერხა საფრთხეების აღმოფხვრა.

მედვედევი წერს, რომ არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება და მზად არიან, პრობლემები მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით გადაწყვიტონ, მაგრამ თუ რუსეთის შეშფოთება რეალურ კონტურებს შეიძენს, არ დააყოვნებენ.

"დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას.

ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება.

მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ.

15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არარაობა აღმოჩნდა დასავლეთისთვის იდეალური ხელთათმანი, რომლითაც არ დატოვეს საკუთარი თითის ანაბეჭდები და დარჩნენ დაუსჯელები," - განაცხადა დმიტრი მედვედევმა.

დღის ამბები