26 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს - უკრაინა ომის 545-ე დღე 

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 545-ე დღეს, სოფელ რობოტინოში მცხოვრებ ადამიანებს ოცნება აუხდათ. ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ამ სოფელში უკრაინელი სამხედროები ბრძოლით შევიდნენ. რობოტინოს რუსი ჯარისკაცები არტილერიით ბომბავდნენ. რუსეთის თავდასხმებს მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე გადაურჩა. ახლა ისინი უკრაინელმა სამხედროებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ბრძოლა ყველა დასახლების დეოკუპაციისთვის გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ვითარება კრიტიკულია ხარკოვის ოლქში - კუპიანსკის მიმდებარედ. უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან დაკავებულ პოზიციებს ამაგრებენ, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით კი შეტევებს განაგრძობენ და წინ მიიწევენ.

იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე უკრაინელ სამხედროებს უფრო დიდი წარმატება ჰქონდეთ, ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტიკურ ფრონტზე ბრძოლას განაგრძობს და მთელ მსოფლიოს უკრაინის არმიის სამხედრო ტექნიკით დახმარებას სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარკვეულ შედეგს მიაღწია, უკრაინა ნიდერლანდებისა და დანიისგან F-16 ტიპის თვითმფრინავებს მიიღებს, საბერძნეთი კი პილოტებს გადაამზადებს.

დასავლეთის მიერ კიევის უპრეცედენტო მხარდაჭერით გაღიზიანებული მოსკოვი ისევ მშვიდობიან მოქალაქეებს უტევს. დღეს რუსეთის თავდასხმებს კრივი რიჰში, ზაპოროჟიეში, დონეცკში, მიკოლაევსა და ხერსონის ოლქებში 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათეულობით დაშავებულის გადარჩენას კი ექიმები ამ დრომდე ცდილობენ.

მშვიდად არც მოსკოვსა და ბრიანსკის ოლქში ეძინათ, სადაც ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა. კრემლი თითს ისევ კიევისკენ იშვერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ "კიევის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების მცდელობა აღიკვეთეს". პარალელურად, მოსკოვის "ვნუკოვოსა" და "დომოდედოვოს" აეროპორტებში თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დაწესდა. რუსული მედიის ცნობით, ზოგიერთი ავიარეისი გადაიდო, ნაწილი - გაუქმდა, რამდენიმე რეისი კი სხვაგან გადაამისამართეს.

შეშფოთებას არ იმჩნევს პრეზიდენტი, რომლის მიმართვაც დღეს კრემლმა გაავრცელა. პუტინმა მოსახლეობას ეროვნული დროშის დღე მიულოცა, მოსკოვის ცაზე გამოჩენილი დრონების შესახებ არ უსაუბრია. არაფერი თქვა ომზეც, რომელიც 545 დღის წინ წამოიწყო, თუმცა, პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელ მოსახლეობას რუსეთის დროშის გაშლა და ზეიმი აიძულა.

დღის ამბები