ცნობილ მეცნიერსა და სეისმოლოგს ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თეა გოდოლაძეს ცემაში ბრალი არასრულწლოვანმა ბიჭმა დასდო და განაცხადა, რომ მეცნიერმა მას ხელი გაარტყა.
დაზარალებული მოზარდის ადვოკატი ამტკიცებს, რომ თეა გოდოლაძემ მეგობარი მამაკაცის შვილზე იძალადა. საქმე, რომლის გამოც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამჟამად 2000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ინტერესების დამცველის თქმით, გოდოლაძის ბრალეულობის დამამტკიცებელ ბევრ დეტალს შეიცავს. ნინო ბარაჩაშვილმა დღეს ისიც თქვა, რომ ინციდენტის შემდეგ, მოზარდს დამატებითი მკურნალობა დასჭირდა.
სამართლებრივ პროცესს გოდოლაძის საქმიანობას უკავშირებენ მისი ინტერესების დამცველები. ადვოკატების თქმით, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორს მეგობარი მამაკაცის შვილზე არ უძალადია და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ის სასამართლოზეც წარმოადგენს.
ბრალდებას აბსურდულს უწოდებს, ძალადობის ფაქტს კი კატეგორიულად გამორიცხავს თავად თეა გოდოლაძე. მისი თქმით, ამ საქმეში დაზარალებული თავადაა. გოდოლაძე, მოზარდის მამის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კონტრბრალდებებით ყოფილი მეგობარი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს.
გოდოლაძე დაზარალებულადაა ცნობილი მეგობარი მამაკაცის მხრიდან ძალადობის საქმეში, თუმცა, ამავდროულად, თავად არის ბრალდებული მოზარდის მიმართ ძალადობაში. "კურიერმა" დღეს დაზარალებული მოზარდის ჩვენებაც მოიპოვა. ის სამართალდამცავებს დეტალურად უყვება, თუ რა ვითარებაში და რა სახით განხორციელდა გოდოლაძის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობა.
თეა გოდოლაძის საქმესთან დაკავშირებით, დღეს კომენტარები მმართველ გუნდშიც გაკეთდა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულის მხრიდან, თუნდაც შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული კომენტარები, შეუძლებელია გულწრფელი იყოს. მმართველი გუნდისთვის საკითხზე ოპოზიციის სიჩუმე ადასტურებს, რომ გოდოლაძე მათთან დაახლოებული პერსონაა.
თეა გოდოლაძეს ბრალი ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივლისში წაუყენეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით ედავება.