26 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"ელექტრონული სისტემების გაყალბება არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი" - თინა ბოკუჩავა

კელი დეგნანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იყოს, შეფასებები გრძელდება. ელჩის მოსაზრებას იზიარებს ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი კი ელექტრონული სისტემის უპირატესობაზე საუბრობს.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ გარე მანიპულაციების საფრთხე არსებობს. 

"ელექტრონული სისტემების გაყალბება არის რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც რუსული ოცნება საქართველოში იყენებს. სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გვაფრთხილებს, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ სწორედ რუსული მეთოდით, რუსულმა ოცნებამ საქართველოში მოახდინოს ამ ელექტრონული სისტემების საბოტაჟირება არჩევნების არაკეთილსინდისიერად ჩატარების და საარჩევნო შედეგის არასწორად გამოცხადების მიზნით," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, ბექა ლილუაშვილის თქმით, ელექტრონული სისტემის შემოღება არ არის გარანტია იმისა, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდება.

"ელექტრონული სისტემის შემოღება არ არის გარანტია იმისა, რომ არჩევნების გაყალბება არ მოხდება. აქ მგონი ცხადი ჭეშმარიტებაა. ელექტრონული საშუალება, რომელიც არის შემოღებული, ახდენს გარკვეული პროცესების ოპტიმიზაციას არჩევნების დღეს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მათ შორის არა ერთი არჩევნების შემფასებელი ორგანიზაციების ანგარიშებიდან, რომ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედება ხორციელდება არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე. მათ შორის, საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით, მათ შორის სისტემური ზეწოლა მუქარებით, მათ შორის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი ელექტრონულ არჩევნებში პრობლემას ვერ ხედავს.

"შეიძლება ბევრი რამ კრიტიკის ობიექტი იყოს საარჩევნო კანონმდებლობაში თუ წინასაარჩევნო მსვლელობაზე, მაგრამ ეს კონკრეტული ნაწილი მგონი საკმაოდ გამართულია და პირიქით, რაც დავინახეთ თუნდაც ბათუმის შუალედურ არჩევნებზე, საერთოდ კონფლიქტებს გამორიცხავს. არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დამკვირვებლები უსაქმურად ისხდნენ, იმიტომ რომ საჩხუბარი საბაბი არ ჰქონდათ, იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან მშვიდად და წყნარად მიდიოდა," - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები