ვოლოდიმერ ზელენსკი ნიდერლანდებიდან და დანიიდან საბრძოლო მანქანებით ბრუნდება. მას შემდეგ, რაც უკრაინელი პილოტები და ინჟინრები გადამზადების პროგრამას დაასრულებენ, ორივე ქვეყანა მზადაა ომში მყოფ უკრაინას საერთო ჯამში 50-მდე თანამედროვე გამანადგურებელი გადასცეს.
პარალელურად, როსტოვი და მოსკოვი კვლავ უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა. რუსეთი ირწმუნება, რომ ყველა კამიკაძე დრონი ჩამოაგდო. რუსული მედია კი წერს, რომ ნამსხვრევებმა მოსკოვის ოლქში საცხოვრებელი სახლები დააზიანა, კლინიკაში გადაიყვანეს რამდენიმე დაჭრილი.
21 აგვისტო რუსეთისთვის მარტივი არც ფრონტზე აღმოჩნდა. ყველაზე სტრატეგიულ ქალაქ ბახმუტზე კონტროლის დაბრუნების მიზნით არაერთი შეტევა სცადა, თუმცა უშედეგოდ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მათი სამხედროები ბახმუტის სამხრეთ ფლანგზე წინ მიიწევენ.
კუპიანსკში რომ რთული ვითარებაა, ამას არც უკრაინის გენერალურ შტაბში მალავენ. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
უკრაინა წინ მიიწევს პოლიტიკურ ფრონტზეც. ომში მყოფი ქვეყნის მთავარი თხოვნა შესრულებულია. უკრაინას F-16 ტიპის თვითმფრინავებს ნიდერლანდების გარდა დანიაც გადასცემს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს დახმარებისკენ და თქვა, რომ თუ უკრაინა ვერ გაუძლებს რუსეთის შეჭრას, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები და მთლიანად დემოკრატიული სამყარო.
უკრაინის დაცვისთვის მიღებული დანიისა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება მხოლოდ კრემლს აშფოთებს. სხვადასხვა ქვეყნის მიერ კიევის დახმარებითა და ფრონტზე არსებული წარუმატებლობით გაბრაზებულმა მოსკოვმა შური ისევ მშვიდობიან უკრაინელებზე იძია. საოკუპაციო ძალებმა ხერსონზე იერიში მხოლოდ დღეს 78-ჯერ მიიტანეს. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაიჭრა. რუსეთმა დაბომბა ხარკოვის, მიკოლაევისა და დონეცკის ოლქებიც. ამ რეგიონებშიც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.