26 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
პოპულიზმი და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა - "ქართული ოცნება" ოპოზიციის ნაწილს შოვის ტრაგედიით მანიპულირებაში ადანაშაულებს

პოპულიზმი, პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა და შოვის ტრაგედიით მანიპულაცია - ეს ის მთავარი ბრალდებებია, რაშიც მმართველი პარტია ოპოზიციას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ურთიერთბრალდებების მიზეზი ისევ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაა. სახელისუფლებო პარტიისთვის ოპონენტების მცდელობას კონკრეტული მიზანი აქვს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია 3 აგვისტოს ტრაგედიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ისე ცდილობს, რომ სტიქიის ეპიცენტრში არცერთი მათგანი არ ჩასულა. სწორედ ეს ფაქტი აძლევს მმართველ პარტიას იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ოპონენტებს არა რეალობის დადგენა, არამედ ტრაგედიით სარგებლობა სურთ.

ადრესატები კრიტიკას არ იღებენ. მათი თქმით, ტრაგედიის შემდეგ რაჭაში ოპოზიციის ნაწილი ჩასული იყო, საჭირო მასალებიც მოაგროვა, თუმცა გასაჯაროებისგან ჯერ თავს იკავებენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კომისია პარტიულ დონეზე შექმნა და ამბობენ, რომ სწორედ ამ ფორმატში მუშაობენ.

ვინ რატომ არ ჩავიდა შოვში, საკუთარი არგუმენტებით ცდილობენ ახსნას იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში კომისიის შექმნის მომხრეები არიან, თუმცა სტიქიის ზონაში არ ჩასულან. "ლელოც" იმ პარტიების რიგებშია, რომლის ლიდერებიც სტიქიის ზონაში არ გამოჩენილან, თუმცა რატომ თქვეს უარი, ამის განმარტება დღეს მედიასთან არ ისურვეს. "გირჩი" და "ევროოპტიმისტები" კი აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი არა ადგილზე ყოფნა, არამედ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე დაგროვილი კითხვების დასმაა.

ოპონენტების დამოკიდებულება მმართველი ძალის წევრებს არ უკვირთ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას მათივე ქცევებიდან გამომდინარე საზოგადოების მხრიდან ნდობა დაკარგული აქვს. ახლა კი მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ საპარლამენტო მექანიზმების გამოყენების მცდელობებით პარლამენტში მათი როლი საქმიანად წარმოაჩინონ. უმრავლესობის თქმით, რეალურად შოვის ტრაგედიის მიმართ ოპონენტებს ინტერესი არ აქვთ და მხოლოდ პოლიტიკური დღისწესრიგისთვის სჭირდებათ.

საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელის ინიციატორი პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობაა" მინიმუმ 50 დეპუტატი მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე პარტია "საქართველოსთვის" წევრები კოლეგები პოზიციას არ იზიარებს და საკმარისი ხმების მობილიზება ვერ ხერხდება.

დღის ამბები