მამაკაცი, რომელმაც სოფელ სადახლოში მეუღლე ხანჯლით მოკლა, დუმილის უფლებით სარგებლობს. რუსთავის სასამართლომ 57 წლის ავაზ ხალილოვს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულს პროცესზე არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ სხდომის დატოვება სურდა. ადვოკატი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სასამართლო დარბაზში ბრალდებულის საგულშემატკივროდ ადვოკატის გარდა არავინ მივიდა. პროცესზე გაირკვა, რომ 48 წლის კონულ ხალილოვა ბრალდებულმა შვილისა და მოხუცი დედის თანდასწრებით მოკლა. მკვლელობის იარაღი ხანჯალია, რომელსაც ბრალდებული სახლში ინახავდა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელობის იარაღი დამალა და მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა.
პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულმა ბრალიც აღიარა და დამალული იარაღის ადგილსამყოფელიც გაამხილა.
რატომ შეცვალა აღიარება დუმილით - ადვოკატი არ აკონკრეტებს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდებულმა მედიასთან კომენტარი აუკრძალა.
ის, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, საქმის მასალებით, ამ ეტაპზე, არ დასტურდება. იყო თუ არა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის მომენტში ავაზ ხალილოვი - ამას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს.
ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები და მეუღლესთან კონფლიქტი - სადახლოში მომხდარ მკვლელობაზე საუბარს ერიდებიან.
მომხდარზე მხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცველი საუბრობს. სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ავაზ ხალილოვმა მეუღლის მკვლელობის დროს, ჭრილობა შვილსაც მიაყენა, რომელიც მამის შეკავებას ცდილობდა.
მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაასრულეს. დაკავებულის წინააღმდეგ, საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს.
მოკლული ქალი უკვე დაკრძალეს. 57 წლის ავაზ ხალილოვის საქმის განხილვას კი, რუსთავის სასამართლო 11 ოქტომბერს დაიწყებს. მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.