57 წლის მამაკაცი, რომელსაც სადახლოში, ცოლის განზრახ მკვლელობას ედავებიან, რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალი ხდება ცნობილი - მამაკაცმა მკვლელობა საძინებელში, ოჯახის წევრების თანდასწრებით ჩაიდინა, რომლებიც მის შეკავებას ცდილობდნენ და ამ პროცესში ბრალდებულის 28 წლის შვილი ხელის არეში დაიჭრა. ამის შემდეგ კი, როგორც სასამართლო სხდომიდან გახდა ცნობილი, ბრალდებულმა მეუღლე მოკლა, სცადა ადგილიდან მიმალვა და ასევე მკვლელობის იარაღი, ხანჯალი დამალა.
დაკავების შემდეგ მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული მაშინვე აღიარა და სამართალდამცავებს საგამოძიებო ექსპერიმენტისას თავად მიუთითა დამალული ხანჯლის ადგილსამყოფელზე.
ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
"სახელმწიფო ბრალდებამ თავად აღნიშნა, რომ ექსპერტიზას დანიშნავს,“ - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ლეილა მარიამიძემ.
ჰქონდა თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები და ჩაიდინა თუ არა მან დანაშაული შეურაცხად მდგომარეობაში - ამას გამოძიების მიმდინარეობისას ჩანიშნული ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს, რაც წინასასამართლო სხდომაზე - 11 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
ბრალდებულს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.