26 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, საპენსიო აქტივები მათი თანხაა და უფრო აქტიურად მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება - ამ დრომდე, დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებზე და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ 6 სექტემბრიდან კი მოქალაქეების კუთვნილი თანხები, მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში გადანაწილდება. საუბარია მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან პორტფელებზე. მოქალაქეებს პორტფელის შეცვლის უფლება წელიწადში ერთხელ ექნებათ.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა და ამ პერიოდში საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მთლიანად ხორციელდებოდა ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში. 6 აგვისტოდან კი საპენსიო სქემის მონაწილეებს მიეცათ 1 თვიანი ვადა, რომელიც 6 სექტემბერს იწურება და ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დასაქმებულებს თავად შეუძლიათ აირჩიონ რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება.

ის დასაქმებულები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ასაკის შესაბამისად, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში. საინტერესოა ისიც, რომ საპენსიო სქემაში ჩართულ დასაქმებულებს, საინვესტიციო კატეგორიების შეცვლის უფლება ეძლევათ წელიწადში ერთხელ და როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, გრძელვადიან პერსპექტივაში საერთაშორისო აქციებში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კაპიტალის გაზრდისთვის, ისევე როგორც მყიდველთუნარიანობის შენარჩუნებისთვის. მთავარი სხვაობა ამ პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილებაა, რაც, თავის მხრივ, გრძელვადიან პერიოდში განსხვავებულ მომგებიანობასთან არის დაკავშირებული.

ნაკლებად რისკიან პორტფელში, დაგროვებული დანაზოგები კი ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები. 6 სექტემბრიდან ახალი წესის მიხედვით უკვე გადანაწილებული და დადგენილი იქნება ასაკობრივი ზღვარიც.

რატომ უნდა აირჩიოს სქემის მონაწილემ შერეული ან მზარდი საინვესტიციო პორტფელი - საპენსიო სააგენტოში ამ თემაზე განმარტავენ, რომ დანაზოგი, თავისი შინაარსით განსხვავდება ჩვეულებრივი დანაზოგისგან, მთავარი სხვაობა კი შეიძლება ითქვას რომ არის საინვესტიციო ჰორიზონტი.

ამ დრომდე, როგორც ცნობილია, დანაზოგის დიდი ნაწილი სწორედ ბანკების დეპოზიტებზე და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების კუთვნილი თანხები, მათი სურვილის შემთხვევაში სამი სახის პორტფელში იქნება გადანაწილებული. მთავარი სხვაობა კი ამ პორტფელებს შორის უცხოურ აქტივებში ინვესტირებაა.

საკითხთან დაკავშირებით "კურიერთან" დღეს განმარტებები ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა.

რა პრინციპით და რა თანხას ვაგროვებთ ყოველთვიურად საპენსიო დანაზოგში - ეს არის 2+2+2 პრინციპი: 2% იდება ასაღები ხელფასიდან, 2% ემატება დამსაქმებლის მხრიდან და 2%-ს დებს სახელმწიფო.

"არსებული კერძო დაგროვებითი სისტემის კანონმდებლობა ითვალისწინებს ძალიან მაღალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მონაწილის მხრიდან. უკვე ჩაერთო შესაძლებლობა, რომ მონაწილემ აირჩიოს თავისი შესაბამისი რისკიანობის პორტფელი. რისკიანობა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს დანაკარგების რისკიანობას იმიტომ, რომ შენატანები ყოველთვის მზარდი იქნება. აქტივები იქნება მზარდი, მაგრამ სხვადასხვა მერყეობის ამპლიტუდით. დაბალრისკიანი პორტფელები იქნებიან უფრო ნაკლებად მზარდი შეიძლება, მაგრამ გარანტირებულად დაბალი მერყეობებით. მაღალრისკიანი - უფრო მაღალი მერყეობებით და მაღალი ამპლიტუდით.

დაბალრისკიანი პორტფელი უფრო მათთვის არის, ვინც ახლო პერიოდში აღწევს საპენსიო ასაკს და სურს მას, რომ 5 წლიან პერსპექტივაში საპენსიო აქტივობები გაიზარდოს. ხოლო ის, ვინც 15-20 წელი დააგროვებს ამ თანხას, ალბათ მათთვის უფრო საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელი უფრო შესაბამისია იქიდან გამომდინარე, რომ გრძელვადიან პერიოდში ასეთი მაღალრისკიანი პორტფელები უფრო მეტი მზარდობით გამოირჩევიან.

მოკლედ, მაღალრისკიანს მეორენაირად შეიძლება მზარდი პორტფელი ვუწოდოთ, დაბალრისკიანს - უფრო სტაბილური, და საშუალორისკიანს - უფრო ბალანსირებული პორტფელი," - აცხადებს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.

ეროვნული ბანკში ახსნეს ისიც თუ რა დამატებით ბენეფიტებს მოუტანს დასაქმებულებს ახალი გადაწყვეტილება. თქვეს, რომ მთლიანად მოქალაქეზეა დამოკიდებული, რომელ პორტფელს აირჩევს ის.

"გვინდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ეს საპენსიო აქტივები მათი თანხაა და უფრო აქტიურად მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი განმარტავს - თუ ავტომატურად ადამიანი რა ტიპის რისკიანობის პორტფელში მოხვდება, ყველა მონაწილეს აქვს უფლება მიიღოს თავისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება მისი განაცხადით თუ რომელი რისკიანობის პორტფელი არის მისთვის მიზანშეწონილი.

მაღალრისკიანი პორტფელის მთავარი სიკეთე ალბათ ის არის, რომ გრძელვადიან პერიოდში ის ყველაზე მზარდია და ყველაზე მეტ შემოსავალს მოიტანს. ეს არის წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა. მაღალრისკიანი პორტფელი ითვალისწინებს უფრო უცხოურ აქტივებში ინვესტირებას, უფრო მეტ აქციებში," - აცხადებს  ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა.

საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა საერთო ჯამში 51%-ს გადააჭარბა. მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულებამ კი 3.76 მილიარდი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 680 მილიონი ლარია. ამ დროის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 426 000 ადამიანია და 4 800-ზე მეტ პირზე პენსიის სახით გაცემული თანხა 12 მილიონს აჭარბებს.

დღის ამბები