დანგრევის პირას არსებული საცხოვრებელი სახლები, დაზიანებული სანაპიროები, სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი წყალდიდობის რისკი - მექსიკაში, ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულს ქარიშხალი ჰილარი დაატყდა თავს.
ტროპიკული ქარიშხლის სიმძლავრემ გასულ დღეებში თითქმის მაქსიმუმს, 4 ბალსაც კი მიაღწია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ შტორმის შედეგები, შესაძლოა, კიდევ უფრო დამანგრეველი აღმოჩნდეს. სტიქიის ეპიცენტრში მყოფ დასახლებაში გაუქმდა საჯარო ღონისძიებები, მიმდინარე დღეებში დაიხურება სკოლებიც. უცხოური მედიის ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის ქარიშხალი კალიფორნიის რეგიონს 1939 წლის შემდეგ არ ახსოვს.
მასშტაბური ქარიშხალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, ფედერალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მეზობელ რეგიონებში გადასვლისკენ მოუწოდებს. სტიქიის მოსალოდნელ საფრთხეებზე რამდენიმე საათის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ისაუბრა. ბაიდენის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სამსახური, საჭირო აღჭურვილობითა და პერსონალით, სრულ მზადყოფნაშია.
ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაადგილებისას, შტორმის სიმძლავრე მეოთხიდან მესამე კატეგორიამდე შესუსტდა, თუმცა მასშტაბური წყალდიდობის საფრთხე კვლავ შენარჩუნებულია.
"სიცოცხლისთვის საშიში და პოტენციურად კატასტროფული წყალდიდობა მოსალოდნელია ქვემო კალიფორნიის ნახევარკუნძულისა და სამხრეთ კალიფორნიის ძირითად ნაწილში მიმდინარე შაბათ-კვირას და მომავალი კვირის დასაწყისში,"-ნათქვამია აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
სტიქიის საფრთხეებსა და არეალის შესაძლო გაფართოებაზე სპეციალისტებიც საუბრობენ. მეტეოროლოგების თქმით, ნევადაში, არიზონაში და მექსიკაშიც გამაფრთხილებელი შეტყობინებები ვრცელდება.
წყალდიდობის რისკია სან დიეგოდან ლოს ანჯელესამდე და ლას ვეგასამდე. ნახევარკუნძულზე მდებარე მექსიკის დასახლებებში კი გაუქმდა საჯარო ღონისძიებები, ორშაბათს დახურული იქნება სკოლები. მექსიკის სიდიდით მეორე ქალაქ ტიხუანაში მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას უსაფრთხო რაიონებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.