26 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
სტიქიის ზონაში ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედარი - მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში ძებნის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

შოვში დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრში დღეს კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის, 28 დაღუპულიდან იდენტიფიცირებულია 25.

მაშველები კიდევ 5 დაკარგულს ეძებენ. სამუშაოები მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი. ძებნის არეალი 60 კილომეტრზეა გაშლილი. რაჭის გუბერნატორის განცხადებით, სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დაკარგული მოქალაქეების პოვნის მცირედი შანსიც კი იარსებებს.

სამძებრო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებიც. ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი სამძებრო არეალშია გადანაწილებული. თითო ჯგუფი, ოთხკაციანი შემადგენლობით, 3-კილომეტრიან დისტანციაზე მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს ახორციელებს.

ცოცხალ ძალასთან ერთად, სამძებრო სამუშაოების ეფექტურობის გასაზრდელად იყენებენ მძიმე ტექნიკას. მათი დახმარებით ხდება მდინარეების დინების შეცვლა და კალაპოტის დათვალიერება. 100 ერთეული მძიმე ტექნიკა სხვადასხვა ლოკაციაზეა გადანაწილებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია რეზერვიც.

რაჭაში, საკურორტო ზონაში, დამანგრეველი მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

დღის ამბები