125 შეკვრად დაფასოებული კოკაინის შემცველი კილონახევარი ნარკოტიკი საქართველოს საზღვარზე ბრაზილიის მოქალაქეს შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა 30 წლის ანტონიო მორასი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასამართლომ მას პატიმრობა უკვე შეუფარდა. საიდან და რა ფორმით შემოჰქონდა ბრაზილიის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკული საშუალება - დაკავებულის ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს, ბრალდებული კი დუმილის უფლებას ირჩევს.
ნარკოდანაშაულისთვის საქართველოში კიდევ ერთი უცხოელი - ამერიკის მოქალაქე მანუელ ნაპოლეონ ლიტუმა დააკავეს. 36 წლის მუსიკოსი ქუჩაში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად, მისგან ერთი შეკვრა კოკაინი ამოიღეს. ბრალდებულმა სასამართლოში ბრალი აღიარა, თუმცა ამტკიცებდა, რომ კოკაინი პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა. მას მოსამართლემ 2-თვიანი პატიმრობაშეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კიდევ ერთი ნარკოდამნაშავე დააკავა. ამჯერად უკრაინის მოქალაქე 38 წლის ქალი, სვიტლანა ტუტისანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, მას 50 გრამამდე მეთადონი აღმოაჩნდა. დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმეზე სხდომები სასამართლომ ოქტომბერში ჩანიშნა. პარალელურად გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, სხვა დამნაშავეებიც გამოვლინდნენ. უკვე დაკავებულებს კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.