ლევილის ისტორიულ მამულში მეოთხე საფესტივალო კვირა წარმატებით მიმდინარეობს. დღეს და ხვალ ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალის დასკვნით ღონისძიებებს უმასპინძლებს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება.
XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს, თუმცა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ფესტივალის პროგრამა შეიცვალა.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს; გაიმართა სპექტაკლებიც. ფესტივალში მონაწილეობენ მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.