26 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
დიდი რაგბის მოლოდინში - საქართველო-აშშ-ის წინააღმდეგ

საფრანგეთის დედაქალაქში, 21 დღეში სტარტს აიღებს ტურნირი, რომელსაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მსგავსად ქართველი გულშემატკივარიც ოთხი წელი ელოდა. მსოფლიოს 20 საუკეთესო ნაკრები უებ ელისის სახელობის თასისთვის, 7 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე იბრძოლებს. 2003 წლიდან, მსოფლიო თასზე სისტემატურად ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრები, გამონაკლისი არც მომავალი ტურნირია. "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში უძლიერესი შემადგენლობით იქნებიან წარმოდგენილი.

მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. პირველ შეხვედრას ეროვნული ნაკრები, 9 სექტემბერს პარიზში, სტადიონ სენ დენიზე ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადება, "ბორჯღალოსნებმა" ერთი ტესტ-მატჩი უკვე გამართეს, ქართველმა მორაგბეებმა საკუთარ მოედანზე, რუმინეთი დამაჯერებლად 56:6 დაამარცხეს. მეორე ტესტ-მატჩს 19 აგვისტოს, კვლავ თბილისი უმასპინძლებს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრები ამერიკის დამარცხებას შეეცდება.

საქართველოში ჩამოსვლამდე, ამერიკელები ქალაქ ფაროში მდებარე სტადიონ "ალგარვეზე" ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდნენ, შეხვედრა პორტუგალიის დამაჯერებელი გამარჯვებით 46:20 დასრულდა.

თბილისში შეერთებული შტატების ნაკრები, ოპტიმალური შემადგენლობით იმყოფება, ტრადიციულად ამერიკისა და საქართველოს ნაკრებების სარაგბო დაპირისპირება, დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარეობს. ამ გუნდების ბოლო შეხვედრა, 2017 წელს გაიმართა, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე მინიმალური სხვაობით 21:20 დაამარცხეს.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა შეხვედრა, 19 აგვისტოს 19:00 საათზე დაიწყება.

"ბორჯღალოსნებს" მსოფლიო თასის დაწყებამდე, ერთი ტესტ მატჩი დარჩებათ ჩასატარებელი.

ეროვნული ნაკრები 26 აგვისტოს, ედინბურგში სტადიონ მარიფილდზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები