ომის დაწყების დღიდან პირველად რუსეთის დედაქალაქის ოთხივე აეროპორტმა მთელი ღამის განმავლობაში ფრენები შეზღუდა. მიზეზი მოსკოვის ცენტრზე კამიკაძე დრონების შეტევა გახდა. უპილოტო საფრენმა აპარატმა ქალაქის ცენტრს ისე მიაღწია, რომ საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩართულა, მოსკოველებმა კი თავდასხმის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. კამიკაძე დრონი ეკსპოცენტრს დაეჯახა და აფეთქდა, მის მოპირდაპირე მხარეს კი ის შენობა დგას, სადაც რუსეთის მთავრობა ზის. დრონებმა მოსკოვს დღისითაც შეუტიეს, რის გამოც "მოსკოვი სითიდან" მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
მოსკოვში მდებარე ბიზნეს ცენტრი "მოსკოვი სითი" ამ თვეში უკვე მეორედ გახდა დრონების სამიზნე. საჰაერო თავდაცვის სისტემამ რუსეთის დედაქალაქში ამჯერადაც იმუშავა და დარტყმა მოიგერია, თუმცა, ქალაქმა ზიანი მაინც მიიღო.
კიევი მომხდარს არ გამოხმაურებია, საკუთარ მიწაზე ოკუპანტების მოგერიებით იყო დაკავებული. ამ საქმეს ისინი მალე უფრო დიდი თავდაჯერებით გააგრძელებენ, რადგან ვაშინგტონიდან მწვანეა - F16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს კიევს მალე ნიდერლანდები და დანია მიაწვდის. ენტონი ბლინკენმა შესაბამისი დასტურის წერილი ევროპელ კოლეგებს უკვე გაუგზავნა. ახლა მთავარი გამოწვევა უკრაინელი პილოტების საწვრთნელი პროგრამის დროული დასრულებაა.ერთ-ერთი ასეთი წვრთნა დანიაში თვის ბოლომდეც დაიწყება. ყველაფერთან ერთად, ევროპელები ომში მყოფ ქვეყანას კიდევ 100 მილიონის საჰაერო თავდაცვითი სისტემებს უგზავნის. ბერლინის მიერ გაგზავნილი IRIS-T სისტემები კი ქვეყნის მთავარსარდალმა უკვე მიიღო, ზელენსკი მადლიერია.
პრეზიდენტის განცხადებიდან ჩანს, რომ ომი ხვალ და ზეგ არ დამთავრდება, რადგან უკრაინა თავდაცვის ინდუსტრიაში გრძელვადიანი გეგმებითაა წარმოდგენილი. განწყობებს ისიც ამწვავებს, რომ მოლაპარაკებების ბედი ისევ ბუნდოვნად გამოიყურება. ვიდრე ამის პერსპექტივა გამოჩნდება, ორივე მხარე ცდილობს ბრძოლის ველზე მაქსიმალური უპირატესობა მოიპოვოს.
კუპიანსკში მძიმე ბრძოლებია. უკვე მერამდენე კვირაა ასობით რუსი სამხედრო ადგილის დაკავებას უშედეგოდ ცდილობს. დღეს ქალაქზე დარტყმას მორიგი მსხვერპლი ჰყავდა - ამჯერად ხანშიშესული ქალბატონი. ასეთმა დარტყმებმა დონეცკის სტრატეგიულ ობიექტებზე 14 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დატოვა. თავად უკრაინა კი შეტევით ოპერაციებს განაგრძობს.
აქტუალობას არ კარგავს შავი ზღვის ჰუმანიტარული კორიდორი. მარცვლეულის შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლის შემდეგ ოდესის პორტიდან სტამბოლში დღეს პირველი ხომალდი ექსცესების გარეშე ჩავიდა. თუმცა, სულ ახლახან, შავ ზღვაში კრემლმა სიტუაცია დაძაბა, როდესაც თურქულ სატვირთო გემს ნეიტრალურ წყლებში რუსული სამხედროები დაესხნენ თავს. ერდოღანმა პუტინი გააფრთხილა, რომ შავი ზღვის აუზში ესკალაციას ერიდოს.