უხვმა ნალექმა სტეფანწმინდასა და გერგეტში პრობლემები შექმნა. მოსახლეობის ნაწილს სახლები დაეტბორა. ოფიციალური განმარტებით, გერგეტში, კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე შესრულდა სამუშაოები - ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრება.
განცხადება გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. ოფიციალური ცნობით, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. "თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ ადგილზე იმუშავეს გეოლოგებმა და გასცეს რეკომენდაციებიც.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ბაკურ ავსაჯანაშვილის თქმით, უხვმა ნალექმა ღვარცოფი გამოიწვია, თუმცა ამ დროისთვის, სპეცტექნიკის დახმარებით, არხები გაწმენდილია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
"წვიმის შედეგად, წამოვიდა ღვარცოფული ნალექის დიდი მასა, რამაც მოსახლეობაში გამოიწვია შიში. რამდენიმე ოჯახის პირველი სართულები დაიტბორა. ასევე, გერგეტის უბანზე ადიდებულმა წყალმა, რომელიც სოფელში, გზის პირზე მოედინება, საშიშროება შეუქმნა მოსახლეობას. ჩვენ ადგილზე მივიყვანეთ ტექნიკა და ამ ტექნიკის საშუალებით, მოხდა არხის გაწმენდა", - განაცხადა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანაშვილმა.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძის თქმით, დაბა სტეფანწმინდაში, უხვმა ნალექმა, ზოგიერთ უბანზე ღვარცოფული ნაკადების ჩამოდინება გამოიწვია, თუმცა მოსახლეობისთვის რაიმე საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს.
"რაიმე საშიშროება, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის, ან ქონების დაზიანების მხრივ არ ყოფილა. მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელ სახლში დაიტბორა პირველი სართულები. დილიდან ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები, გეოლოგები, რომლებმაც შეისწავლეს აღნიშნული ლოკაციები. პირველადი მონაცემებით რაც ვიცით, რაიმე განსაკუთრებული ინფრასტრუქტურული ზიანი არ მიუყენებია ამ ღვარცოფს. შესაბამისად, ველოდებით დასკვნას. მომზადდება, წერილობით გვეცნობება და სხვადასხვა უწყებასთან ერთად, დავიწყებთ საჭირო ღონისძიებების ჩატარებას", - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.