26 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ყველა პრივილეგია საკუთარ თავზე მოირგო და ფოთში გავლენიან საქმის მომგვარებლად იქცა - თამთა მეგრელიშვილი ეკა ბესელიას აკრიტიკებს

ეკა ბესელიამ თავმომწონედ, დაახლოებით, ასეთი შინაარსის ტექსტი განაცხადა- ირაკლი კობახიძეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს ბოდიში ივანიშვილმა ძალით მოახდევინა ჩემთვისო - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გაუგებარია რატომ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს ბოდიში მოსახდელი ეკა ბესელიასთვის. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სწორედ ირაკლი კობახიძემ ამხილა სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში ბესელია, რის გამოც, მას პარტიის დატოვება მოუხდა.

"ირაკლი კობახიძეს რაზე ჰქონდა მასთან ბოდიში მოსახდელი, ამას ვერ აკონკრეტებს - ვერ გავიგე რა მაკადრაო ამბობს, მაგრამ ამტკიცებს ბოდიში მოსახდელი ჰქონდაო!

კარგი, ამას თავი რომ დავანებოთ გამოდის, რომ მისი აღიარებით თავად მას, ეკა ბესელიას და სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრებს ბიძინა ივანიშვილი ყურით დაათრევდა და ასეთ ყურაწეულ მმართველობაში თავად ეკა ბესელიამ სახელისუფლებო გუნდთან ერთად არაერთი წელი უპრობლემოდ გაატარა.
მეტიც, ყველა პრივილეგია საკუთარ თავზე მოირგო და ფოთში გავლენიან საქმის მომგვარებლად იქცა.

როგორც ადგილობრივები ამბობდნენ ქალაქ ფოთში მას მეტსახელად "მეწილე" შეარქვეს რადგან თითქმის ყველა მსხვილი ბიზნეს საქმიანობის წილში იყო, მაგალითად (პორტის წილში იჯდა).

თვითმხილველი, რომელიც ქ. ფოთის მკვიდრია და პორტში მუშაობდა დღესაც იხსენებს, როგორ შეხვდა ეკა ბესელია მაშინდელ ქალაქის მერს პორტში, როგორ მოსთხოვა მას ფული და მას შემდეგ, რაც მერმა უპასუხა - მე ეგ ფული ქალაქს მოვახმარეო, ეკა ბესელია თითის ქნევით ჩაჯდა მანქანაში და პორტის ტერიტორია გაბრაზებულმა დატოვა.

ასევე, ამბობენ, რომ შეკრული იყო რამდენიმე მოსამართლესთან და დანაშაულებრივ საქმეებს, მოგების პერსპექტივით, სარფიან ფასად ყიდდა.

კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ აქ აღარ დავწვრილმანდები, უბრალოდ ერთს ვიტყვი, ფაქტია, ეს ქალბატონი სხვის თვალში ბეწვს, საკუთარში კი დირეს ვერ ხედავს და მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ ის ზემოთ ჩამოთვლილ უკანონო საქმიანობებში ამხილა და პარტიის დატოვება აიძულა, ირაკლი კობახიძე მისთვის ყველაზე მართალ, მაგრამ საძულველ ადამიანად იქცა.” - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

დღის ამბები