26 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე - საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია. ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.

კანონში შესული ცვლილებები, იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირადად გააცნეს. როგორც ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე - შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის, ევროკავშირის, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.

დღის ამბები