25 აგვისტოდან ქართველი გულშემატკივრის ყურადღება იაპონიისკენ იქნება მიმართული. აზიის სამი ქვეყანა - იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია კალათბურთელთა მსოფლიო თასის გათამაშებას უმასპინძლებენ, რიგით 19-ე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ისტორიაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრები იაპონიაში ოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრა. კუნძულ ოკინავაზე ეროვნული ნაკრების ვარჯიშები 19 აგვისტოდან დაიწყება, 22 აგვისტოს კი ქართველი კალათბურთელები ბოლო საკონტროლო მატჩს მსოფლიო რეიტინგის მე-4 ადგილზე მყოფ ავსტრალიასთან გამართავენ. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს უკვე 6 საკონტროლო თამაში აქვს ჩატარებული და თანაბარი ბალანსი გააჩნია. ეგვიპტესთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს გუნდმა ერთმანეთის მიყოლებით, იორდანია, მონტენეგრო და ირანი დაამარცხა.
პირველ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ, 28 აგვისტოს ეროვნული ნაკრები ასევე ოკინავა არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს სლოვენიას დაუპირისპირდება. ზუსტად 2 დღეში კი ჩვენი გუნდი ვენესუელას დამარცხებას შეეცდება.
მსოფლიოს ჩემპიონატი აზიის სამ ქვეყანაში, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, ტურნირში 32 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც რვა ოთხგუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებული. ქვეჯგუფში ორი საუკეთესო ნაკრები მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლებს და ბრძოლას უმაღლესი სინჯის მედლებისთვის გააგრძელებს.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.