ცოტა ხნის წინ შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - ცხედარი რიონის ხეობაში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 30 კმ-ის მოშორებით, ონის შესასვლელთან ნახეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, სავარაუდოდ, ნაპოვნი ცხედარი მცირეწლოვანის არ არის და ზრდასრული მამაკაცია.
"როგორც გუშინ მოგახსენეთ, სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად დასრულებული გვაქვს დამეწყრილი ტერიტორიის გადამოწმება და დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშაოების გაფართოება.
დღეს, დაახლოებით ნახევარი საათის უკან, საპატრულო მონიტორინგის მე-8 სექტორზე, ეს არის დაახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი, რომელიც მაშველების მიერ არის მდინარიდან გამოსვენებული და ამ დროისთვის პროზექტურაშია გადაყვანილი.
დიდი ალბათობით მამრობითი სქესის არის. არ არის მცირეწლოვანი, არის ზრდასრული, სავარაუდოდ მამაკაცი. ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში არის გადაყვანილი.
ასე ვერ ვიტყვი, რომ გამორიყული იყო. ფაქტი ის არის, რომ ნანახია მონიტორინგის შედეგად. მე გუშინაც აღვნიშნე, რომ სწორედაც მაგას მოიცავს ამხელა მონაკვეთზე პატრულირება და მონიტორინგი, რომ ერთი ჩავლის შემდეგ, 5 წუთში შეიძლება მდინარემ რამე შედეგი დადოს. მაშველების მიერ არის აღმოჩენილი ცხედარი.
ამ ეტაპზე მდინარის კალაპოტში მიდის მუშაობა მძიმე ტექნიკით. ნიადაგმა მოგვცა გარკვეული საშუალება გარკვეულ ლოკაციებზე, თუმცა დაახლოებით 2 მეტრის სიღრმის ქვემოთ უკვე წყალი შეინიშნება და ვფიქრობთ, რომ სისქე-სიღრმე, სადაც შეიძლება, რომ ვეძებოთ, ეს არის 1.5-2 მეტრის სიღრმეზე საძიებო სამუშაოები. ამ ეტაპზე უშუალოდ მდინარის კალაპოტზე არ არის საუბარი, ეს არის კალაპოტის მშრალ მონაკვეთებზე.
ამბროლაურამდე გვაქვს განაწილებული სექტორები, 18 სექტორს მოიცავს ეს ყველაფერი, თუმცა უშუალოდ ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს 1.5კმ-იან პერიმეტრზე სტიქიის ეპიცენტრიდან.
ამ ეტაპზე 3 ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, რომელზეც ველოდებით დღის ბოლოს დამატებით ინფორმაციებს," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
დაღუპულთა რაოდეონობა 27-მდე გაიზარდა. ეძებენ ექვსს. სტიქიის მეთხუთმეტე დღეს სამძებრო სამუშაოები აქტიურად გრძელდება - დღეს მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკა შევიდა.