26 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გლოლაში ჩავიდნენ და მოსახლეობას სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველადი დასკვნა გააცნეს

შოვში სამძებრო ოპერაცია გრძელდება - სტიქიის ეპიცენტრის მთავარ ლოკაციაზე სამძებრო სამუშაოები დასრულდა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ეს ტერიტორია სრულად გადამოწმდა. დღეიდან მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შევიდა.

სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 26 ადამიანი. 7 პირს ამ დრომდე ეძებენ.

ცოტა ხნის წინ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები სოფელ გლოლაში ჩავიდნენ. მათ მოსახლეობას სააგენტოს მიერ მომზადებულ პირველადი დასკვნა გააცნეს და ადგილობრივების კითხვებს უპასუხეს.

„მოწყდა მყინვარი და ამ მყინვარმა გამოიწვია წყლის დაგუბება, ქანების ვარდნა და ეს ყველაფერი ღვარცოფის სახით მოევლინა შოვის ტერიტორიას და ვიცით, რა საშინელი ტრაგედიაც დატრიალდა. ჩვენ ვერავის ვერ ვადანაშაულებთ ამაში, თუ რატომ წინასწარ ვერ გაიგო ვერავინ, რატომ არ ჩატარდა წინასწარი ღონისძიებები. გვაქვს ისეთი ხეობები, მდინარეები, სადაც ღვარცოფით იცის მოვარდნა და საშიშროება ემუქრება სოფლის ტერიტორიას. ეს ხეობები გვინდა იყოს მეტად ყურადღება მიქცეული,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მარინა გოშაძე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ მასშტაბური ღვარცოფის შემდგომ, რაიმე დამატებითი საფრთხეების გამოსარიცხად, სპეციალისტები ხეობაში მონიტორინგს გააგრძელებენ. ამასთან, ვასილ გედევანიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე რაიმე მსგავსი მასშტაბური ღვარცოფის გამეორების რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს.

“ხეობაში გაგრძელდება მონიტორინგი ჩვენი სპეციალისტების მიერ, რათა საკმაოდ მასშტაბური ღვარცოფის შემდგომ გამოირიცხოს რაიმე დამატებითი საფრთხეები. ასეთი მასშტაბური ღვარცოფის გამეორების რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს. მდინარე ჭანჭახზე და მდინარე რიონზე გვაქვს შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც ახდენს წყლის მონიტორინგს, რომელიც მდინარეში მოედინება. შესაბამისად, კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროცესსაც. იყო დაპირება, რომ დავაყენებთ რამდენიმე ასეთ მოწყობილობას იმისთვის, რომ მათ შესაბამისად ადრეული მონიტორინგის სისტემები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ყველა ტექნიკური საშუალებები, რაც შეიძლება გარკვეულწილად წინასწარი ინფორმაცია მოგვცეს კლიმატური პირობების გაუარესების, ნალექების მატების ან მსგავს მომენტებთან დაკავშირებით, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ მუშაობა. დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში ალბათ გვექნება საბოლოო დასკვნა და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,“ - განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

დღის ამბები