26 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
უკრაინის დროშა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ დასახლებაში აღიმართა - უკრაინა შეტევას სამხრეთით, აზოვის ზღვისკენ განაგრძობს

უკრაინის დროშა დონეცკის ოლქის კიდევ ერთ დასახლებაში აღიმართა. სამხედროებმა, სოფელი უროჟაინოე ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. დონეცკის რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ამ სოფლის დეოკუპაცია ნიშნავს, რომ უკრაინა განაგრძობს შეტევას სამხრეთით, აზოვის ზღვისკენ.

ფრონტი არ არის მხოლოდ ხმელეთზე - ბრძოლა რუსეთსა და უკრაინას შორის შავ ზღვაშიც მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალებმა, გვიან ღამით, ოდესის ოლქში მდებარე დუნაის პორტი დაბომბეს. შედეგად, დაზიანდა მარცვლეულის საწყობი. პარალელურად, მოსკოვი ბლოკავს უკრაინის შავი ზღვის პორტიდან ხომალდების გასვლას. ამის მიუხედავად, დღეს ოდესიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი მაინც გავიდა.

კიევის კიდევ ერთი ბრალდება მოსკოვის მისამართით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეხება - უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის არმიამ, სამხედრო წვრთნები სწორედ დროებით ოკუპირებული ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე გამართა. ოფიციალურმა კიევმა, ვიდეომასალაც გაავრცელა. ტრადიციულად, ბრალდებას მოსკოვის მხრიდან არც დადასტურება მოჰყოლია და არც უარყოფა.

კრემლის სამიზნედ ისევ რჩებიან უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, რასაც გაეროს ანგარიშიც ადასტურებს. ორგანიზაციის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინაში, 9 444 სამოქალაქო პირი შეეწირა, მათგან 545 ბავშვია.

ბოლო 24 საათში, საოკუპაციო ძალების დაბომბვას, დონეცკის ოლქში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. დაიბომბა ხერსონიც, სადაც ასევე, მოქალაქეები დაიჭრნენ.

ომში მყოფი ქვეყნისთვის დახმარებას განაგრძობს ამერიკა. შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კონგრესს მოუწოდა, უკრაინისთვის კიდევ $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის მოთხოვნას მხარი დაუჭირონ.

დღის ამბები