26 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ინტერპელაციის წესით, შს მინისტრს პარლამენტში იბარებს - რა კითხვები ექნება ოპოზიციას ვახტანგ გომელაურთან

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საგამოძიებო კომისიას ვერ ქმნის, თუმცა დღის წესრიგში ინტერპელაციის წესით, შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების საკითხს აყენებს. ყველაზე დიდ ოპოზიციურ ფრაქციაში ამბობენ, რომ კომისიის შექმნისთვის არასაკმარისი მხარდაჭერის მიუხედავად, არ აპირებენ შოვის ტრაგედიის მიზეზებსა და შედეგებზე პარლამენტში მსჯელობა არ შედგეს. "ნაციონალურ მოძრაობას" კითხვები მომზადებული აქვს, პასუხებს კი პირადად ვახტანგ გომელაურისგან ელოდება.

"ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ინტერპელაციით სარგებლობას დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური ძალებიც გეგმავენ. ხელისუფლების ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ მინისტრი პარლამენტში მისვლას თავს არ აარიდებს და შეკითხვებს უპასუხებს.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტებს რეალურად არ სურთ მინისტრის მოსმენა და ვახტანგ გომელაურის მისვლასაც პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სურთ. მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება სრულყოფილად ინფორმირებულია, რეგლამენტის გათვალისწინებით ძალოვანი მინისტრი პარლამენტში მისვლისგან თავს არ შეიკავებს.

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ელოდებიან, თუმცა როდის მივა ვახტანგ გომელაური ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. რეგლამენტის მიხედვით, ინტერპელაციის წესით თანამდებობის პირს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს უნდა მოუსმინონ. საშემოდგომო სესია კი სექტემბრიდან გაიხსნება.

 

დღის ამბები